უკრაინის თითქმის ყველა მიმართულება ფრონტის ხაზია. კიევში თვლიან, რომ მათ ცალკეულ რაიონებში გაიუმჯობესეს პოზიციები, თუმცა ზელენსკის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი კონფლიქტის საბოლოო დასრულებამდე გააგრძელებს ქალაქების დაბომბვას, მათ შორის კიევის, სადაც დიდი აფეთქების ხმა წუხელაც გაისმა.
მარიუპოლი და მიკოლაევი - ყველაზე რთული ვითარება ამ ქალაქებში რჩება. გათავისუფლებულ ირპენში კი ცხედრები ნანგრევებიდან ამ დრომდე ამოჰყავთ.
რუსული საფრთხე უკვე შავ ზღვაშიც ტივტივებს. კიევმა მოსკოვი საზღვაო საბრძოლო ნაღმების უკონტროლო გაშვებაში დაადანაშაულა. რაც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის აუზის ყველა ქვეყანას და იქ მცურავ ყველა ხომალდს. ნაღების ნაწილი უკვე აღმოჩენილია რუმინეთსა და თურქეთში.
ჯერ-ჯერობით კი ცეცხლი შეწყვეტილი არ არის, არ მუშაობს ჰუმანიტარული დერეფნები, არ წყდება რუსული აგრესია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, იღუპებიან ბავშვები, ინგრევა ქალაქები, უკრაინას ტოვებენ მოქალაქეები, მათმა რაოდენობამ უკვე 4 მილიონი შეადგინა.