აფეთქებების ხმა უკრაინაში არც მოლაპარაკებების პარალელურად და არც გვიან ღამით არ შეწყვეტილა.
განგაშის სიგნალი ისმოდა კიევშიც, სადაც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ორი რუსული რაკეტა გაანეიტრალა.
პარალელურად დამატებითი განმარტებები კეთდება, გუშინ სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის განცხადებით, უკრაინამ გამოაცხადა მზადყოფნა შეასრულოს ის ფუნდამენტური მოთხოვნები, რომლებსაც რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
"თუ ეს ვალდებულებები შესრულდება, მაშინ უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს პლაცდარმის შექმნის საფრთხე აღმოიფხვრება. ეს არის საკმარისად მაღალ დონეზე შეთანხმებული დოკუმენტის არსი. უკრაინა არსებითად დათანხმდა რუსეთის ძირითად მოთხოვნებს ნატოში არ გაწევრიანებისა და სამხედრო ბაზების განლაგებაზე უარის თქმის შესახებ. მუშაობა და მოლაპარაკებები გრძელდება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთის პრინციპული პოზიცია ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება," - განაცხადა ვლადიმირ მედინსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აქცენტს უსაფრთხოების გარანტიებზე აკეთებს.
"უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მრავალმხრივი ხელშეკრულება უკრაინისთვის, დაცვის დამატებით ფაქტორს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი რეფერენდუმზე გავა. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მაქსიმალური დაცვისთვის, იქნება შემდეგი პროცედურა: რეფერენდუმი უკრაინაში, ამის შემდეგ - რატიფიცირება გარანტორი ქვეყნების პარლამენტებისა და უკრაინის უმაღლესი რადას მიერ. რა თქმა უდნა რეფერენდუმი დღეს არ ჩატარდება, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა. ეს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც რუსი სამხედროები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას და დაუბრუნდებიან 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს. რუსეთმა უნდა ნახოს ჩვენი წინადადებები, წინასწარ გასცეს პასუხი. მთავარი არის შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც გადაჭრის ომისა და მშვიდობის საკითხებს," - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.