27 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
სტამბოლის შეხვედრის განმარტებები კიევსა და მოსკოვში - ექნება თუ არა დიალოგს რეალური შედეგი

საომარ მოქმედებებში მონაწილე სახელმწიფოებს შორის, "დოლმაბაჰჩეს" სასახლეში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ახალი პოლიტიკური მოცემულობა დადგა. უკრაინა უბლოკო და ნეიტრალურ სტატუსზე თანახმაა, უსაფრთხოების მყარი გარანტიების სანაცვლოდ. კიევის სურვილია ხელშეკრულებით განისაზღვროს უკრაინისთვის უსაფრთხოების მექანიზმი, რაც შესაძლოა NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსიც იყოს. მოლაპარაკების შემდეგ ვითარების დეესკალაციის მცდელობად შეფასდა კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსული ძალების გაყვანა. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტერი უკრაინის ტერიტორიიდან არსად წასულა.

უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებად, დიდ ბრიტანეთს, ჩინეთს, აშშს, თურქეთს, საფრანგეთს, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს განიხილავს. ზოგ ქვეყანას წინასწარი თანხმობა უკვე გაცემული აქვს, მათ შორისაა გერმანია და დიდი ბრიტანეთიც.

ვიდრე მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, ამერიკა განაგრძობს უკრაინის სამხედრო დახმარებას. აშშ-ს პრეზიდენტი მოლაპარაკების შემდეგ, მოსკოვის ქმედებას აკვირდება.

უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სანქციების მოხსნის საფუძველი არ უნდა გახდეს - ასე ფიქრობს დიდი ბრიტანეთის პრემიერი. ბორის ჯონსონი რუსული აგრესიის შეჩერების მექანიზმად პუტინზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას განიხილავს

დასავლური სამყაროს საპასუხოდ, რუსეთი მოკავშირეების პოვნას აზიაში ცდილობს. სერგეი ლავროვი დღეს ჩინეთში ჩავიდა. სადაც "როიტერის" ცნობით, რუსმა და ჩინელმა კოლეგებმა მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს კონტრპროდუქტიული უწოდეს. BBC-ის ინფორმაციით კი, ვლადიმერ პუტინი მარიუპოლის მიმართულებით ცეცხლს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ უკრაინელი სამხედროები დანებდებიან. ვლადიმერ პუტინმა ეს ფრანგ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას უთხრა.

დღის ამბები