27 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
სამხედრო მოქმედებების შემცირება თუ ჯარის როტაცია - ოკუპანტი რუსეთი უკრაინაში პოზიციებს არ თმობს 

რუსეთის დაპირება დაპირებად დარჩა - გვიან ღამით კიევში აფეთქების ხმა გაისმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო. რამდენიმე კი დედაქალაქის სიახლოვეს, სურსათის საწყობს მოხვდა. 

უკრაინის გენშტაბში და შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დედაქალაქის სიახლოვეს მობილიზებული დანაყოფები, კვლავ გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. ისინი ამბობენ, რომ რუსეთ პოზიციებს არ დათმობს და მხოლოდ გადაჯგუფებას მოახდენს. 

რუსეთის მხრიდან უკან დახევის მოლოდინი არ აქვთ ჩერნიგოვშიც. ოლქში, რომელზეც ოკუპანტებმა იერიში მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვიტეს. დაიბომბა ქალაქი ნეჟინი და ჩერნიგოვი. განადგურებულია ბიბლიოთეკა, რამდენიმე სავაჭრო ცენტრი და 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი.

პოზიციების დათმობას და დახევას რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ ადასტურებს შეერთებული შტატების დაზვერვა. კიევის შემოგარენიდან რუსული სამხედროების გადაადგილება ჯარის პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა მის გაყვანას - ასე თვლიან პენტაგონში. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ კიევისთვის საფრთხე არ დასრულებულა.

ანგარიშს აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული ქვედანაყოფები, რომლებიც მძიმე დანაკარგებს განიცდიდნენ, იძულებული გახდნენ, ბელარუსსა და რუსეთში, რეორგანიზაციისა და მომარაგების მიზნით დაბრუნებულიყვნენ. 

დღის ამბები