ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე უკრაინაში დეესკალაციაა საჭირო - ბაიდენსა და პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის შესახებ თეთრი სახლის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
ქეით ბედინგფილდი ლიდერებს შორის შეხვედრისთვის წინაპირობებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ბაიდენის პუტინთან საუბრამდე რუსეთის მხრიდან დეესკალაციაა საჭირო.
"ვფიქრობ, პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ შეხვედრა დამოკიდებული იქნება, რაზე სურს პრეზიდენტ პუტინს საუბარი. არ ვაპირებ პრეზიდენტ ბაიდენსა და პრეზიდენტ პუტინს შორის საუბრისთვის წინაპირობების წამოყენებას, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ საჭიროა რუსეთის მხრიდან ხელშესახები დეესკალაცია და დიპლომატიისადმი მკაფიო, ჭეშმარიტი ერთგულება მანამ, სანამ პრეზიდენტი ასეთ დიალოგს გამართავს,"-აცხადებს ქეით ბედინგფილდი.