კიევის შემოგარენიდან რუსული სამხედროების გადაადგილება ჯარის პოზიციის ცვლილებას ჰგავს და არა მის გაყვანას - თვლიან პენტაგონში. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ კიევისთვის საფრთხე არ დასრულებულა. ჯონ კირბის განცხადებით, ჯარების ნაწილი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება და არ გამორიცხავს მასშტაბური იერიში უკრაინის ამ ნაწილში მოხდეს.
"არავინ უნდა მოვიტყუოთ თავი კრემლის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომ ის მოულოდნელად შეამცირებს სამხედრო თავდასხმებს კიევის მახლობლად, ან ცნობებით იმის შესახებ, რომ ის აპირებს მთელი ძალების გაყვანას. იყო თუ არა რუსული ქვედანაყოფების რაიმე გადაადგილება კიევისგან მოშორებით ბოლო დღეებში? დიახ. ჩვენ ასე ვფიქრობთ. მცირე რაოდენობით, მაგრამ გვჯერა, რომ ეს პოზიციის ცვლილებაა და არა რეალური ჯარის გაყვანა და ყველანი მზად უნდა ვიყოთ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე დიდი შეტევისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე დასრულდა.
რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, კიევის აღებას, ვერ გამოუვიდა უკრაინის დამორჩილება. მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ ქვეყნისთვის, მათ შორის კიევისთვის მასობრივი სისასტიკის მიყენება. ჩვენ ამას დღესაც ვხედავთ დედაქალაქის წინააღმდეგ გაგრძელებული საჰაერო თავდასხმებით.
მათ აქვთ შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან ბევრჯერ გაუშვეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაასრულონ ომი, გააკეთონ ეს პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად მოლაპარაკებით. იმედი გვაქვს, ისინი ამას იზამენ. მაგრამ ომი შეიძლებოდა დღეს დასრულებულიყო, თუკი ბატონი პუტინი სწორად მოიქცეოდა, რეალურად გაიყვანდა მთელ თავის ძალებს უკრაინიდან და პატივს სცემდა უკრაინის სუვერენიტეტს,"-აცხადებს ჯონ კირბი.