27 ნოემბერი 2024,   20:54
ვრცლად
ვინ როგორ გაიგო სააკაშვილის მოწოდება - მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის განცხადების განმარტება დღეს მის თანაგუნდელებს მოუწიათ, მმართველ გუნდისთვის კი ექსპრეზიდენტის გზავნილები არასერიოზულია

რა გზებით და მეთოდებით წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების შეცვლა და რას გულისხმობდა, როცა მთვარობის "ჩამოგდებაზე" საუბრობდა - განმარტება დღეს მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელისუფლებიდან არსებული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება მასობრივი, არაძალადობრივი, სახალხო გამოსვლებით წარმოუდგენია. ყოფილი თავმჯდომარის და ლიდერის პოზიციას "ნაციონალურ მოძრაობაში" იზიარებენ და ამბობენ, რომ სააკაშვილის მიერ გამოყენებული ტერმინი გადატანითი მნიშვნელობით იყო ნათქვამი.

განმარტების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ძალადობრივ ნიშნებზე საუბრობენ მმართველ პარტიაში. საპარლამენტო უმრავლესობაში ექსპრეზიდენტის ეს განწყობა არ უკვირთ, რადგან ამბობენ, რომ სააკაშვილს და მის გუნდს მთავრობის შეცვლისთვის საჭირო ელექტორალური მხარდაჭერა დაკარგული აქვთ.

მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტის განცხადებას მომხრეები ნაკლებად ჰყავს ოპოზიციაში, თუმცა, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ქუჩის პროტესტის გაძლიერება აუცილებელია და ხელისუფლების შეცვლა არაძალადობრივი გზითაც შესაძლებელია.

მასობრივი აქციებით ხელისუფლების ცვლილების უპერსპექტივობაზე მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა მოუწევს და საპატიმროდან თავის დაღწევის მცდელობებიც უშედეგოა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის განცხადებებს ემიჯნება. ამბობენ, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთ გზად არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხება წარმოუდგენიათ, სხვა მეთოდები კი მათთვის მიუღებელია. პოლიტიკური ძალების გარკვეულ ნაწილს კი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მდგომარეობის გათვალისწინებით მის პოზიციებზე საუბარი არც კი სურს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია "ქართული ოცნებისთვის." მმართველი პარტიის ლიდერები ექსპრეზიდენტს შეახსენებენ, რომ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არავის მისცემენ ვითარების დაძაბვის საშუალებას.

მოჰყვება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას სამართლებრივი რეაგირება ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები