მიკოლაევის მოსახლეობა დღეს ძლიერმა აფეთქებამ გააღვიძა. ქალაქის ადმინისტრაციული შენობა ჰაერიდან დაიბომბა. შენობის დიდი ნაწილი, სადაც თანამშრომლები და სამხედროები იმყოფებოდნენ, განადგურდა. მხარის გუბერნატორი დარწმუნებულია, რომ მთავარი სამიზნე თავად იყო, მაგრამ თავდამსხმელებს არ გაუმართლათ. ვიტალი კიმი ამბობს, რომ მთლიანად დაინგრა მისი სამუშაო ოთახი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 8 მშვიდობიან და 3 სამხედრო მოსამსახურეს, მაშველები ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.
უწყვეტად იბომბება და ნადგურდება მარიუპოლი, საპორტო ქალაქი ამ დრომდე ოკუპანტების ალყაშია და ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. მარიუპოლში მცხოვრები 160 ათასი ადამიანი ისევ ევაკუაციის მოლოდინშია.
ქალაქ იზუმის მახლობლად მდებარე სოფელი ჰრუშუვახა 24 თებერვლის შემდეგ დღემდე ინტენსიურად იბომბება. ადგილზე მხოლოდ ნასახლარებია, მოსახლეობის კვალი რუსულმა აგრესიამ გააქრო. დანგრეულ, განადგურებულ სოფელში მხოლოდ შინაური ცხოველები დარჩნენ.
სროლისა და აფეთქების ხმა გამთენიისას ხარკოვში ისევ ისმოდა, ამჯერად საჰაერო იერიში სახანძრო სამსახურზე მიიტანეს. შენობა, რომელიც 1887 წლით თარიღდება, ისტორიული ძეგლია. დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას სამაშველო სამსახური არ ავრცელებს. ხარკოვში სხვა შენობებიც დაიბომბა, დაიღუპა 1 და დაშავდა 7 ადამიანი. თავდასხმების მიუხედავად, დღეს ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ და ქალაქის დასუფთავება დაიწყეს.
რუსეთმა ომი უკრაინაში 34 დღის წინ დაიწყო. გაეროს ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში დაღუპულია 1,151 მშვიდობიანი მოქალაქე. მოკლულია 5 ჟურნალისტი. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომმა 146 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა უწყება ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რიცხვი არსებულ ინფორმაციას აღემატება.