27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
29 მარტს თამბაქოსგან თავისუფალი საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 29 მარტს, საქართველოში, თამბაქოსგან თავისუფალი საერთაშორისო დღე აღინიშნება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"თამბაქოს წინააღმდეგ მებრძოლებმა, 25 წლის წინ, ამ ფორმით გამოუცხადეს ბრძოლა მომწამვლელ პროდუქტს, რომლის მოხმარების შედეგად, ყოველწლიურად 11000 - ზე მეტი ადამიანი კვდებოდა, მათგან 3000 პასიური მწეველობის, თამბაქოს მეორადი კვამლის მსხვერპლი იყო. სამწუხაროდ, პასიურ მწეველობას ეწირებოდნენ  ბავშვები, რომელთა თანდასწრებით ზრდასრული ადამიანები თამბაქოს ნაწარმს მოიხმარდნენ.

2018 წლის პირველი მაისიდან, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ამოქმედების შედეგად სოციალური თავშეყრის, დახურული სივრცეები სრულად გათავისუფლდა მომწამვლელი კვამლისგან და წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ეწეოდნენ ყველგან და ყველასთან, მოწევა ცხოვრების ნორმასვით იყო და თუ არ ეწეოდი, გარკვეული ბულინგის მსხვერპლიც კი ხდებოდი.

მეორადი კვამლის მავნე შედეგების აღმოსაფხვრელად, 2021 წლის მიწურულს, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო და მოწევა აიკრძალა ტაქსებში. მოწევა დაუშვებელია კერძო ავტომობილებშიც, თუ მისი საშუალებით მოზარდი გადაადგილდება. სამწუხაროდ, მეორადი კვამლის მავნე ზეგავლენისგან ჯერაც დაუცველი არიან ადამიანები კაზინოებში, სლოტკლუბებსა და თეატრის სცენაზე. აღნიშნულ სივრცეში მოწევის აკრძალვა პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვალდებულებად მიგვაჩანია, რათა შეასრულოს უმთავრესი მოვალეობა, საზოგადოებას შეუქმნას კანონმდებლობით განმტკიცებული, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.

საქართველო ჯერ კიდევ არ მიერთებია თამბაქოთი უკანონო ვაჭრობის აქტს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ტექნიკური მხარდაჭერა, რითაც აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებელს და კონტრაბანდული თამბაქოს წილს, რომელიც ძირითადად კონფლიქტური რეგიონის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან შემოედინება და რომლის ძირითადი მიზეზია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კორუფცია და ადმინისტრაციული საზღვრის არასათანადო კონტროლი.

ვიმედოვნებთ, აღნიშნულ აქტზე მიერთებას მთავრობა გამოწვევად დაისახავს, რათა მოიშოროს, თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების მიხედვით, თამბაქოს ჩარჩო კონვენციის მიერ მინიჭებული არასახარბიელო ინდექსი, თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და ხელს შეუწყობს კანონის კიდევ უფრო განმტკიცებას. მათ შორის, მიმდინარე წლის, 31 დეკემბერს, სადა შეფუთვის შესახებ ახალი რეგულაციის ამოქმედებას, რომლის თანახმად, თამბაქოს ყველა ნაწარმი ერთნაირი, სადა და პიქტოგრამებიანი შეფუთვით გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა რაც უფრო მეტად რწმუნდება თამბაქოს ტრადიციული ნაწარმის სასიკვდილო მავნებლობაში და ცდილობს, უარი თქვას მოწევაზე,  ინდუსტრია მით უფრო გამალებით იბრძვის ტექნოლოგიური პროდუქტებით, ელექტრონული სიგარეტითა და გასახურებელი თამბაქოთი მომხმარებელთა ახალი სეგმენტის დასაპყრობად და არანაირ მეთოდს არ ერიდება. ცდილობენ  მარკეტინგის იარაღად აქციონ ექიმები, ვინც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას უნდა ეწეოდეს. თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა სახის, სამედიცინო ზრუნვის ფორმატით შეფუთული სემინარებით, ტრენინგებით და კონფერენეციებით (რაც კანონით ეკრძალება) ცდილობს ექიმები მოისყიდოს, ან დაარწმუნოს, რომ თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმი მწეველ პაციენტებს შესთავაზონ, როგორც მოწევაზე თავის დანებების ალტერნატივა. არადა, მოწევაზე თავის დანებების ერთადერთი ალტერნატივაა თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტზე უარის თქმა და ვისაც ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია, სახელმწიფო  მოწევაზე თავის დანებების სხვადასხვა პროგრამებს სთავაზობს. 

2018 წლის პირველი მაისიდან დღემდე, რამდენადაც ძალიან მაღალია, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის აღსრულების მაჩვენებელი, იმდენად დაბალია 112 -ზე საზოგადოების მიმართვიანობა, როდესაც მოწევის წესების დარღვევის ფაქტებს აწყდებიან. საპატრულო პოლიციის გამოძახების მეტი წილი კვლავ თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის ჯგუფზე მოდის. სხვადასხვა გამოკითხვების თანახმად, ადამიანების ერთ ნაწილს არ მოწონს მოწევის წესების დარღვევა, მაგრამ უჯობს, კანონის აღმასრულებელს სხვამ უხმოს. არადა, თამბაქოსგან საქართველოს გათავისუფლება ერთიანი, სამოქალაქო ძალისხმევით  უფრო სწრაფად მიიღწევა," - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები