ავარიული სახლები ბათუმში თანამედროვე ტიპის კომპლექსებით ჩანაცვლდება. "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც დღეს მთავრობამ დაამტკიცა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში 300-მდე ავარიულ კორპუსს თანამედროვე შენობები შეცვლის, რაც 3000-ზე მეტი ოჯახის ახალი ბინით დაკმაყოფილებას მოიცავს. ვიდრე ძველ ავარიულ სახლებს ახლები შეცვლის, მანამდე ბათუმის მერია ოჯახებს ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს.
გაბზარული კედლები, ჩამოყრილი ბათქაში და წყლით სავსე სარდაფები, ბათუმში 150-მდე ავარიული კორპუსის მცხოვრებლების პრობლემაა.
4 წლის განმავლობაში პრობლემური სახლების ახლით ჩანაცვლებას 80 მილიონი ლარი მოხმარდება. პროგრამაში ჩაერთვება კერძო სექტორიც, რომელსაც მთავრობა გარკვეულ შეღავათებს სთავაზობს.
მთავრობის ინიცირებული პროგრამა ოპოზიციის კრიტიკის ობიექტია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ბათუმელებს დახმარება სჭირდებათ ახლავე და 4 წელზე გაწერილი პროექტი, მათი შეფასებით, დაგვიანებულია.
გარდა ავარიული სახლებისა, ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაციაც მოხდება. პროგრამის საბოლოო მიზანი კი 2025 წლისთვის 3 000-ზე მეტი ბათუმელის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფაა.