ფასების ზრდის ტენდენცია მსოფლიოში - მიზეზები, გლობალური პანდემია და გლობალური გეოპოლიტიკური კრიზისი ევროპაში, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ განაპირობა. ფასები განსაკუთრებულად იზრდება ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე. მომატებულია კომუნალური ხარჯებიც. ამის მიუხედავად, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის საქართველო, 21 მარტის მონაცემებით, 1 ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე ადგილზეა. მხოლოდ 70 ქვეყანაშია ჩვენს ქვეყანაზე იაფი საწვავი და 99-ში უფრო ძვირი. სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოს მოქალაქეები უფრო იაფს იხდიან ელექტროენერგიასა და კომუნალურ გადასახადებში, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში.
გამოწვევა, რაც უკრაინაში ომს გულისხმობს და რამაც მსოფლიო ეკონომიკა შოკში ჩააგდო - ფასების ზრდა ენერგეტიკის სექტორში და ინფლაცია მთავრობის სხდომაზე დღეს მსჯელობის მთავარი თემა იყო. პრემიერი ამბობს, რომ მსოფლიო ტენდენცია საქართველოზეც აისახება, თუმცა ხელისუფლებას აქვს ეკონომიკური პოლიტიკა, რაც საწვავის, დენის და ბუნებრივი აირის საფასურს მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეულს ხდის. მაგალითისთვის, პრემიერმა დღეს ერთმანეთს შეადარა ევროპასა და საქართველოში ფასთა სხვაობა.
პანდემიის და უკრაინაში რუსული ინტერვენციის გამო თითქმის მთელს მსოფლიოში ფასები მომატებულია ნავთობპროდუქტებსა და საკვებზე. თუმცა, ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საქართველოში საწვავის ფასი, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
ფასები მომატებულია კომუნალურ ხარჯებზეც. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში დღეს საუბრობენ, რომ საქართველოში ფასების დასტაბილურება სწორი ეკონომიკური პოლიტიკით მოხერხდა.
საქართველოში ბუნებრივი აირის საშუალო ღირებულება რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით უკვე თითქმის ორჯერ ნაკლებია, ეკონომისტები იმპორტის ბაზრის დივერსიფიცირებას უკავშირებენ. ქვეყნისთვის საჭირო გაზის 90% აზერბაიჯანზე მოდის, რუსული პროდუქტის ხვედრითი წილი კი ბაზარზე მხოლოდ 5%-ია. სოციალური ტარიფის სტაბილურობის გარანტი კი გრძელვადიანი კონტრაქტებია.
ომი უკრაინაში და გლობალური ენერგოკრიზისი, რომ საქართველოზე სატარიფო კუთხით გავლენას ვერ მოახდენს, ამაში სემეკის ხელმძღვანელი დარწმუნებულია. დავით ნარმანია ამბობს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი დივერსიფიცირებულია. საქართველო იმპორტს, ძირითადად, ახორციელებს სამი ქვეყნიდან: თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, უპირატესობა კი ენიჭება ელექტროენერგიის იმ იმპორტს, რომლის ფასიც ყველაზე დაბალია.
ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. კრიზისი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მთელს მსოფლიოში შეიქმნა საფუძველს პანდემიიდან და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან იღებს.