ალექსანდრ დანილოვის მოწოდებას, საქართველოში რუსეთთან ფრონტის მეორე ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების უკრაინაში ვიზიტს უკავშირებს. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო აფხაზ და ოს თანამემამულეებთან იარაღის ენით საუბარს არასდროს დააპირებს. მმართველი გუნდის ლიდერი რეინტეგრაციის ერთადერთ გზად დიპლომატიას მიიჩნევს. მისი თქმით, გეოპოლიტიკური კრიზისის დროს საქართველო მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სოციალური დახმარებაც კი აღმოუჩინოს.
ომში მყოფი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოწოდებას "ნაცმოძრაობაში" ხუმრობად შეაფასეს. მმართველი გუნდის ბრალდების ადრესატ პარტიაში ფიქრობენ, რომ დანილოვის სიტყვების აღქმა ომის ახალ კერებთან დაკავშირებით, ინტერპრეტირებულად მოხდა. უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადების შინაარსში პრობლემას ვერც "სტრატეგია აღმაშენებელში" ხედავენ.
ოპონენტების ნაწილისა და უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებების შინაარსი ანტისახელმწიფოებრივად ჟღერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლებმა დღეს ისიც განმარტეს, რომ დანილოვის გზავნილი საქართველოს ეროვნული ინტერესის ე.წ. მაშველ რგოლად გამოყენების მცდელობა იყო, რაც არამეგობრული ქმედებაა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ზოგიერთი ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი უკვე თვეზე მეტია, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა.
საომარი მოქმედებებისა და ალტერნატიული ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მსგავსად კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს. პოლიტიკოსებმა დღეს დანილოვის განცხადებას ამორალურიც კი უწოდეს და განმარტეს, რომ საქართველოს გააჩნია ეროვნული ინტერესები, რომლის ცვლილების კარნახიც არავის გამოუვა.
უკრაინა უკვე თვეზე მეტია ფართომასშტაბიან რუსულ სამხედრო აგრესიას იგერიებს. ორი დღის წინ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის მდგომარეობა შესაძლოა საქართველოსა და მოლდოვაში ახალი სამხედრო კერების გაჩენის შემდეგ შემსუბუქდეს.