27 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
როგორ უნდა გაუმკლავდეს ევროკავშირი უკრაინიდან ლტოლვილების უზარმაზარ ნაკადს - ევროკომისიამ ათ პუნქტიანი გეგმა წარადგინა

უკრაინის თემაზე მორიგი საგანგებო შეხვედრა იმართება ბრიუსელში. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაოდენობრივად ლტოლვილების ყველაზე დიდი კრიზისია. როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას ევროკავშირი - სწორედ ამ თემაზე, ამ წუთებში, 27 წევრი სახელმწიფოს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები მსჯელობენ. ევროკომისიამ წარადგინა ათ პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ახლა დახურულ კარს მიღმა განიხილავენ.

ევროკომისარი საშინაო საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონი აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ლტოლვილთა სამუშაო ტრეფიკინგში ჩართვის თავიდან ასაცილებლად.

"შექმნილი სიტუაციიდან საჭიროა მეტი კოორდინირებული ქმედება. ჩვენ განვიხილავთ 10 პუნქტიან გეგმას, ეს ნიშნავს, რომ ახლა უნდა გადავიდეთ არსებული მექანიზმების რეალიზებაზე. აქამდე თუ სტატისტიკა დღიურად 200 ათასი ლტოლვილი იყო აღრიცხული, ახლა შედარებით შემცირდა და მათი რაოდენობა 50 ათასია. სამუშაოა ტრეფიკინგის პრევენციისთვის უნდა მოხდეს ბავშვების, ქალების და იმ მოწყვლადი ჯგუფების მოძიება, რომლებიც უკრაინას ტოვებენ. ტრეფიკინგის კუთხით, რისკ ჯგუფში უკრაინას მე-5 ადგილი უკავია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ. პოლიცია ისედაც მუშაობს ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენი მიზანი ამ ბერკეტების კიდევ უფრო გაძლიერებაა. ჩვენ ვხედავთ ლტოლვილთა მასშტაბებს - ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო, მეორე და მესამე ადგილზე კი ავსტრია და ჩეხეთია,"-განაცხადა იოჰანსონმა.

ევროკომისრის, მარგარიტი შინაჰის განცხადებით, ლტოლვილებს უნდა ჰქონდეთ ყველა საჭირო სერვისებით სარგებლობის საშუალება, რაც ბავშვებისთვის სკოლაში სიარულს, მოწყვლადი და დაზარალებული პირებისთვის კი საავადმყოფოებში მკურნალობას გულისხმობს.

"ომის დაწყებიდან უპრეცედენტო სიტუაციის პირისპირ ვართ. იუგოსლავიის ომთან შედარებით ლტოლვილთა რიცხვი 5-ჯერ გაიზარდა. ამ რეკორდულ დროში ყველასთვის განვსაზღვრეთ დაცვისა და დახმარების ფორმები. დღეს კი უნდა ვიმსჯელოთ შემუშავებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე. ბუნებრივია, რომ ბავშვებმა უნდა შეძლონ სკოლაში წასვლა, მოწყვლადმა და დაზარალებულმა პირებმა კი საავადმყოფოებში მკურნალობა. ჩვენ მზად ვართ, რომ განვიხილოთ 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა. ეს მოიცავს ლტოლვილებისთვის უსაფრთხო გზების შექმნას მათი რეგისტრაციისთვის, ტრანსპორტირებისთვის და დაცვისთვის. იმედი მაქვს, ეს ადამიანები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. ვინც ევროკავშირის ტერიტორიაზე დარჩება, უნდა ჰქონდეთ ყველა ჩვენს სისტემაზე წვდომა,"-განაცხადა მარგარიტ შინაჰმა.

ლიეტუვას შინაგან საქმეთა მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ ყურადღება გაამახვილა ტრეფიკინგის თავიდან აიცილებასა და ლტოლვილთა ნაკადის გაკონტროლების ერთიანი მექანიზმების შემუშავებაზე, ევროკავშირის მხრიდან ადეკვატურ დაფინანსებასა და რუსულ ფულთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაზე.

"უკრაინაში პუტინი ომის დაწყებიდან ლიეტუვა ძალისხმევას არ იშურებს უკრაინელ ძმების დასახმარებლად. ყოველდღე იზრდება ლტოლვითა რიცხვი. დღეს მე მინდა განვხილო სამი საკითხი: პირველი არის ის, რომ ევროკავშირი აჩვენებს ძლიერ სოლიდარობას და პოზიციას, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მათ გაააქტიურონ ადეკვატური დაფინანსება. გარდა ამისა, ლიეტუვა მხარ უჭერს იმ ახალი მექანიზმების ამუშავებას, რაც ინფორმაციის გაცვლაში დაგვეხმარება; კერძოდ, შევძლოთ ლტოლვილთა ნაკადის გაკონტროლება და კრიმინალის თავიდან აცილება. მხედველობაში მაქვს ტრეფიკინგი. მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთს სანქციები დავუწესეთ და გავუყინეთ აქციები, უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ჩამოვაყალიბოთ გადაწყვეტილება რუსულ ფულზე. ამ ყველაფრის პასუხად ერთიანი პოზიციაა საჭირო,"-განაცხადა აგნე ბილოტაიტემ.

დღის ამბები