უკრაინის ყველა ქალაქში განგაშის სიგნალია ჩართული. ყველაზე მძიმე ვითარება ისევ მარიუპოლშია.
რუსების ალყაში მოქცეული ქალაქის მერმა, ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიას, ემოციური ინტერვიუ მისცა.
"გთხოვთ, გაგვიყვანეთ აქედან"- განაცხადა ბოიჩენკომ. მისი თქმით, გათბობის, საკვების, წყლის და მედიკამენტების გარეშე 160 000 მოქალაქე იმყოფება. ისინი ყოველდღე პირადად ევედრებიან ოკუპანტებს მისცენ ქალაქის დატოვების შესაძლებლობა, თუმცა ცრუ დაპირებების ფონზე, ამის საშუალებას დღემდე არ აძლევენ.
მერი გენოციდზე საუბრობს.
"ტერორისტული ორგანიზაცია "რუსეთის ფედერაცია" აკეთებს ყველაფერს, რომ ხალხი ტყვეობაში ჰყავდეს. ჭიანურდება დიალოგი ევაკუაციის თაობაზე, ისინი აბუჩად იგდებენ ადგილობრივებს, მიწასთან გაასწორეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის გამოც ევაკუაცია ქალაქიდან გამორიცხა. ხალხი მიდის რუსულ საგუშაგოსთან და ეხვეწებოდნენ ჯარისკაცებს, გაუშვან ისინი სამშვიდობოს. ხალხი იპარება მარიუპოლიდან და მათ ცეცხლს უხსნიან. ისინი ნამდვილი ფაშისტები, ტერორისტები არიან. ეს გენოციდია. 160 ათასი ადამიანი ამ დრომდე მარიუპოლში რჩება. აქ ძალიან საშიშია, გადმოცემაც მიჭირს. ჩვენ გვჭირდება მარიუპოლიდან სრული ევაკუაცია. ოკუპანტები პირველი დღიდან მოყოლებული, გვეთამაშებიან, გვეუბნებიან რომ ევაკუაციის მზაობაა და შემდეგ ისევ არაფერი გამოდის. ხალხი იხვეწება დახმარებას. წარმოიდგინეთ ხალხი საკვებისა და წყლის გარეშე, რომელიც ამბობს, გევედრებით წაგვიყვანეთ მარიუპოლიდან,"- აცხადებს მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო.
ხარკოვის მერი კი ამბობს, რომ მიუხედავად უწყვეტი თავდასხმების, ქალაქში ვითარება კონტროლის ქვეშაა.
"დილიდან დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარების - საკვების, მედიკამენტებისა და აუცილებელი ნივთების დარიგება. რუსული არმია მიზანმიმართულად ბომბავს ჩვენს ელექტროენერგიის ქვესადგურებს. რეგიონულ ენერგოკომპანიებთან ერთად ალტერნატიულ წყაროებზე ვმუშაობთ. ომის დაწყებიდან ხარკოვი მოსახლეობის 30-მა პროცენტმა დატოვა, თუმცა ბევრი მათგანი უკან ბრუნდება. ბრუნდებიან ოჯახები, რადგან მათ სხვაგან ცხოვრება არ უნდათ. ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან,"- ამბობს იგორ ტერეხოვი.
რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე განცხადებები გააკეთა ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა, მან ყურადღება ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გაამახვილა.
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს ჩადენილი ომის დანაშაულების აღწერა და გამოძიება. ამჟამად უკრაინის იურისდიქციით, 3085 შემთხვევა გვაქვს. ჩვენთვის პრიორიტეტულია უკრაინის სასამართლოებისადმი მიმართვა, რადგან ომის დამნაშავეებს შესაბამისი სასჯელები უკრაინის სახელით უნდა მიესაჯოთ, თუმცა ეს გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებთან, დაწყებულია გამოძიება და უკრაინა ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ პროცესს,"- აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი ირენა ვენედიქტოვა.