7 ნოემბრის აქციის დარბევა, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდება. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა. სხდომა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც სასამართლოზე სიტყვითაც გამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის, რასაც ოლიგარქები უწყობდნენ უკრაინის პრეზიდენტს ცოტა ხნის წინ, ძალიან ჰგავს 2007 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ განვითარებულ პროცესებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ორივე მოვლენაში რუსულ კვალს ხედავს:
"ის, რაც ხდება უკრაინაში ერთი-ერთზე არის რაც ხდებოდა 2007 წლის ნოემბერში საქართველოში. რამდენიმე თვით ადრე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ზელენსკის ოლიგარქები უწყობდნენ გამოსვლებს, აჯანყებას. იწვევდნენ პოლიციას შეტაკებებზე. კანონიერ ქურდებს ზუსტად ისევე იყენებდნენ, როგორც საქართველოში 7 ნოემბრის წინ. მათ შორის ეს სასამართლოც არის სუფთა რუსული ისტორია, რუსული ჰიბრიდული ოპერაციის გაგრძელება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერს. მხარდამჭერების აქცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გრძელდება სასამართლოს შენობის გარეთაც.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.