27 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა, მთავრობამ ამისთვის ბევრი იმუშავა - პრემიერი

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა, მთავრობამ ამისთვის ბევრი იმუშავა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ კონკრეტული ხელშესახები შედეგია.

"დღეს არის 5 წლისთავი მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მთელმა მთავრობამ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში. აქვე, მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ ეს პროცესი ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ, 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ, ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და სწორედ ამის შემდეგ, ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში ევროკავშირის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში.

მე მინდა ასევე მოსახლეობას შევახსენო, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში, რაც რა თქმა უნდა, არის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები