27 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
ნუ ავყვებით პროვოკაციებს, ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისე როგორც მთელ მსოფლიოში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

პრემიერის განცხადებით, ფასების ზრდა დაკავშირებულია ინფლაციასთან, რომელიც ასევე მთელი მსოფლიოს გამოწვევაა.

"მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასებს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იდგა "ნაციონალური მოძრაობა". მე მესმის, რომ ჩვენ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. მაგრამ მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, ზოგადად, ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა, არაერთ ქვეყანაში, არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. იგივე ეხება მთლიანად ევროზონას. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. გამორიცხულია, რომ იყოს გამონაკლისი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა უკვე ეს ტრაგედია და ომი. ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამას ბუნებრივია ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც. ამიტომ, ამას სჭირდება კარგად გააზრება და ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -განაცხადა პრემიერმა.

 მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ინფლაციის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებიც დაფიქსირებულა.

 ზოგადად, შედარებისთვის, მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა - ამ კრიზისების ფონზე - კოვიდ-პანდემია, პოსტ პანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი უკრაინაში. თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, შედარება კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა. საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2 %. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9 წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია. ასე, რომ ამას სჭირდება კარგად გააზრება., ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით იყო ის ნაბიჯები, რა გადავდგით, იგივე თუნდაც მედიკამენტების გაიაფება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო. არ შეიძლება როცა ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი, ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე დაემორჩილოს კანონს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები