27 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
როდის სურს აგრესორი ქვეყნის ლიდერს ომის დასრულება და რა როლი აკისრია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში აბრამოვიჩს

რა ეტაპზეა ომში ჩართულ მხარეებს შორის მოლაპარაკება - დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა-რუსეთს შორის საუბარი მომდევნო ორი დღის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე გაგრძელდება. დეტალები უცნობია, ჯერ არ თქმულა თუ რა ფორმატში შედგება შეხვედრა და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას.

ბუნდოვანია ისიც, თუ რა საკითხებზეა დაახლოებული პოზიციები, ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები. როგორც ერდოღანმა თქვა, ექვსიდან ოთხ საკითხზე მხარეები კონსესუსს უახლოვდებიან, ეს მოგვიანებით კატეგორიულად უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ ისიც განაცხადა, რომ მოლაპარაკების ძირითადი თემების ციფრებად დაყოფა არასწორია.

რა იქნება მშვიდობის საფასური უკრაინაში - ეს კითხვა ომის 32-ე დღესაც პასუხგაუცემელია. სამხედრო ანალიტიკოსებში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერს ომის დასრულება 9 მაისამდე, ფაშიზმზე გამარჯვების თარიღამდე სურს, ამიტომ შესაძლოა, მხოლოდ დონბასით და მარიუპოლით დაკმაყოფილდეს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინს მორიგ ჯერზე შეუთვალა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების პირობები სამართლიანი უნდა იყოს, რადგან მოსახლეობისთვის სხვა ვერსია მიუღებელი იქნება. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მოწინააღმდეგეც გააფრთხილა, მშვიდობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ იქნება. უკრაინული მხარისთვის მთავარი მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტა და რუსული ჯარის გაყვანაა. 

NATO-ს სამიტიდან თურქეთში დაბრუნებულმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მედიას გუშინ უთხრა, რომ მოლაპარაკებებში 6-დან ოთხ პუნქტზე მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. დიალოგის შუამავალი ქვეყნის ლიდერის განცხადებით, დონბასისა და ყირიმის სტატუსი კვლავ შეუთანხმებელია. თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთთან კომპრომისებთან დაკავშირებით რეფერენდუმის საჭიროებაზე ზელენსკის განცხადება "გონივრული ლიდერობა" იყო. ერდოღანი ზელენსკისთან და პუტინთან სატელეფონო საუბარს აპირებს. 

რუსეთთან კომპრომისი რომ ჯერ არ მიღწეულა, ეს ერდოღანის განცხადებიდან მალევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო. 

დამანგრეველ ომში ჩართული მხარეები არ მალევენ, რომ ერთმანეთთან სამშვიდობო საკითხებზე კომუნიკაცია უჭირთ. უარი ნატოზე, ნეიტრალური სტატუსი და უკრაინაში რუსული ენის აღიარება - პუტინის მოთხოვნები უცვლელია. აგრესორი ლიდერი ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის და მედიის ინფორმაციით, ამ აუდიენციაზე მთავარ სასაუბრო საკითხებად დომბასის სტატუსსა და ყირიმს განიხილავს. 

გამოცემა "ფაინენშალ თაიმსი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პირადად დაადასტურა რომან აბრამოვიჩის ჩართულობა უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესში. წყაროს ინფორმაციით, პუტინის თანხმობით, აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა, რათა მხარეებს შორის შემდგარიყო მოლაპარაკებები. მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩი რამდენიმე დღის წინ თურქეთში იყო ჩასული, სადაც პრეზიდენტ ერდოღანის მრჩეველს შეხვდა.ბოლო სატელეფონო საუბარში ზელენსკიმ ბაიდენს უთხრა, რომ ჯერ არ დაეწესებინა სანქციები რომან აბრამოვიჩისთვის, რადგან ის შეიძლება მნიშვნელოვანი შუამავალი იყოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. 

ომის დიპლომატიამ ჯერ ვერაფერი ქნა, ვლადიმერ პუტინი შეჩერებას არ აპირებს. კრემლის ლიდერმა ბლოკადის ტაქტიკას მიმართა და ალყაში მოქცეული ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. 5 უშედეგო მოლპარაკების შემდეგ, სამშვიდობო მაგიდის პირისპირ მჯდომი მხარეები მორიგი შეხვდრის მოლოდინში არიან.

დღის ამბები