27 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"დღეს ჩვენთვის ახალი დაბადების დღეა...მადლობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს" - ოკუპანტებმა ივანო-ფრანკოვის მერს ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსულმა არმიამ ოდესას ზღვიდან შეუტია, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია. 

დღესაც გახსნეს ცეცხლი ჰუმანიტარული მისიის მიმართულებით, ივანო-ფრანკოვის მერის ინფორმაციით, ჩერნიგოვის მახლობლად, თავს დაესხნენ იმ დროს, როდესაც ალყაში მოქცეული ქალაქის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეჰქონდათ. ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულია ჯგუფის რამდენიმე წევრი.

რამდენიმე წუთის წინ უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. განგაშის სიგნალები მთელი დღის მანძილზე ჩართულია უკრაინის ყველა დიდი ქალაქში. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მარიუპოლში. ჩერნიგოვოდან დღეს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით უნდა მომხდარიყო მოსახლეობის ევაკუაცია და ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა.

ივანო-ფრანკოვის მერმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას და მათ შორის მერსაც, რომელიც იქ ჰუმანიტარული მისიით იყო მისული. 

"ჰუმანიტარული მისიით ჩერნიგოვის ოლქთან ჩასვლა მოვახერხეთ. სამწუხაროდ, უშუალოდ ჩერნიგოვში ვერ შევაღწიეთ, რადგან მტრის ცეცხლის ქვეშ მოვხვდით. მადლობა ღმერთს ყველა ცოცხალია, თუმცა არიან დაჭრილები. მიუხედავად საფრთხისა, ქალაქს საჭირო დახმარება გადავეცით.

დღეს ჩვენთვის ახალი დაბადების დღეა. მადლობა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პროფესიონალიზმისთვის, ბიჭებს, რომლებიც დღეს პოზიციებს იკავებენ და მტრებს იგერიებენ," - აცხადებს ივანო-ფრანკოვსკის მერი რუსლან მარცინკივი.

ყველაზე რთული ვითარება მარიუპოლში და ხარკოვში რჩება. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა განცხადება. მისი თქმით, უკვე 32-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ინტენსიურ დაბომბვებს ახორციელებს. არესტოვიჩის​ თქმით, ოკუპანტები ისევ ცდილობენ კიევში შეჭრას. 

"რუსეთ-უკრაინის ომის აქტიური ფაზის 32-ე დღეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მტრის ჯარების მოქმედების ხასიათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ჩვენმა ჯარებმა მცირე ტაქტიკური კონტრშეტევითი ოპერაციები წამოიწყეს სუმის, ხარკოვის, კიევის, ხერსონის ოლქებში. ვითარება მკვეთრად გაუარესდა მარიუპოლში. ახლა მტრის მთავარი ამოცანაა ალყაში მოაქციოს ჩვენი ჯარები ერთობლივი ძალების ოპერაციის ზონაში, საბოლოოდ გაანადგუროს მარიუპოლი და შეინარჩუნოს თავდაცვა ხერსონში," - აცხადებს არესტოვიჩი.

უკრაინელები განაგრძობენ ერთმანეთის მხარდაჭერას. დღეს მომღერალი სვიატოსლავ ვაკარჩუკი იმყოფებოდა ქალაქ სუმში, რომელმაც ოფიციალური ვიდეომიმართვა გავრცელა და მაყურებელს აჩვენა თუ, როგორ გამოიყურება ახლა სუმი. 

"ჩვენ ახლა სუმის ცენტრში ვიმყოფებით. აქ იყო საცხოვრებელი კვარტალი, რომელიც რუსმა ჯარმა მთლიანად გაანადგურა. დაიღუპა 24 ადამიანი. ეს იყო საჰაერო ბომბი. აქ ისეთი ნივთებია, რაც გულს მიკლავს, მაგალითად ეს ზღაპრების წიგნი. სიტყვები ზედმეტია," - ამბობს მომღერალი. 

დღის ამბები