27 ნოემბერი 2024,   19:52
ვრცლად
"არა გაძვირებულ ცხოვრებას" - საწვავის ფასის დასტაბილურებისთვის დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენეს

საწვავზე გაზრდილი ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს და ადგილზე მყოფი ავტომობილების მძღოლებს ფიზიკურად გადაეღობნენ, რის შედეგადაც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეების ქმედებას ავტომობილში მყოფი რამდენიმე მძღოლის უთანხმოება მოჰყვა, შესაბამისად, ადგილზე ამ წუთებში ხმაურია.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "პროტესტი საწვავის ფასს", "არა გაძვირებულ ცხოვრებას",  "გამოდით, გამოდით". ისინი აქციის მონაწილეები ავტომობილების მძღოლებსაც მოუწოდებენ, რომ საკუთარი ავტომობილები გზაზე გააჩერონ. აქციას მოპედებით შეუერთდნენ სხვადასხვა კომპანიის კურიერები.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს. ამასთან, აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ ჩანიშნულია ფინანსთა მინისტრთან საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა.

"მათ დაინახეს, რომ ძალა არის ჩვენში, შესაბამისად ან ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული ან არ იქნება არანაირი შეთანხმება და გადავდივართ რადიკალურ ზომებზე," - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

"იქნებ მთავრობამდე მაინც მივიდეს ხმა, რომ ჩვენც ხალხი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ზედმეტი ვყაროთ, თავიანთ ჯიბეში ჩვენი ნაშრომი ფული არ უნდა მიდიოდეს," - აცხადებს აქციის მონაწილე.

 

დღის ამბები