უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში და ამ კონტექსტში დანილოვმა საქართველოც ახსენა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა.
რაქვიაშვილისთვის დანილოვის ეს განცხადება ყოვლად მიუღებელია.
"ერთის მხრივ მესმის, რომ უკრაინაში მძიმე სიტუაციაა და ბევრი ადამიანი იღუპება. ამიტომ ადამიანებს შეიძლება უცნაური იდეები მოსდიოდეთ თავში. საბოლოო ჯამში ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელი განცხადებაა, მორალურად მიუღებელია. იმიტომ, რომ აფხაზეთში ომი მაშინაც კი არ უნდა დავიწყოთ, როცა დარწმუნებულები ვიქნებით გამარჯვებაში. ვინაიდან ჩვენი მიზანია ამ ხალხთან ერთად ვიცხოვროთ ერთ ქვეყანაში და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები," - აცხადებს რაქვიაშვილი.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.