27 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
პუტინის აგრესიამ რუსეთის მოსახლეობა მოწყვიტა მსოფლიოს და მიათრევს მე-19 საუკუნისკენ, ეს ადამიანი ვეღარ დარჩება მმართველობაში - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ევროპაში იმყოფება და უკრაინის მოსაზღვრე პოლონეთში  უკრაინის მთავრობის წევრებთან გამართა შეხვედრები, შეხვდა უკრაინელ ლტოლვილებსაც. ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს აქვს პასუხისმგებლობა დაეხმაროს უკრაინას და იბრძოლოს დემოკრატიის დასაცავად. ბაიდენის თქმით, ეს ომი არის რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი:

"მსოფლიო დემოკრატიას აქვს პასუხიმგებლობა, რომ დაეხმაროს უკრაინას. უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს აშშ-ის დახმარების იმედი, ჩვენ 100 ათასი უკრაინელის მიღებას შევძლებთ, 300 მილიონის დახმარებას გავწევთ, 1 მილიარდის ოდენობით გაწეული იქნება ჰუმანიტარული დახმარება. ძირითად ქალაქებს მიეწოდება დახმარება, მაგრამ ვერ ვეხმარებით მარიუპოლს, რადგან რუსულ ჯარებს ალყა აქვთ და ისინი არ გვაძლევენ საშუალებას დახმარებისა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ეს ომი არის რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხი, ეს უკვე ასეა. მე დამიკარგავს შვილი, ვიცი რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი. პუტინი ფიქრობდა რომ უკრაინელები ფარ-ხმალს დაყრიდნენ და არ იბრძოლებდნენ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რუსები შეეჯახნენ ძალიან ძლიერ და მედეგ უკრაინელებს. რუსულმა ბრუტალურმა მიდგომამ გააძლიერა უკრაინა და გააერთიანა დასავლეთი. რუსეთს სურდა, რომ ნატო მის თვალთახედვის არეში არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად არის მის თვალთახედვის არეში. ჩვენ უფრო ძლიერი ვართ. ის ფიქრობდა, რომ დაამარცხებდა დემოკრატიას, მაგრამ დემოკრატია ახლა უფრო ძლიერია. მის ქვეყანაშიც საპროტესტო აქციები იმართება, 200 ათასმა რუსმა უკვე დატოვა რუსეთი. დამოუკიდებელი არხები,  გაზეთები დაიხურა," - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა რუსეთის მოსახლეობასაც მიმართა და განაცხადა, რომ პუტინის აგრესიამ 21-ე საუკუნეში რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და მათ მე-19 საუკუნისკენ მიათრევს.

"ახლა მინდა მესიჯი გავაჟღერო რუსეთის მოსახლეობისთვის. ათწლეულია რუსეთის ლიდერებთან ვმუშაობთ, მოლაპარაკების მაგიდასთან მათთან მრავალჯერ ვმჯდარვარ და ახლა მინდა მივმართო რუს ხალხს. რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ გსურთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა, საავადმყოფეობისსამშობიაროების დაბომბვა. თქვენი პაპები არიან ის ადამიანები, ვისაც ახსოვთ მეორე მსოფლიო ომი და გაქცევის მსურველი ადამიანებით სავსე რკინიგზის სადგურები და ეს უკვე აღარაა წარსული მოგონებები, რადგან რუსულმა არმიამ, რუსეთმა ზუსტად ეს გაუკეთა უკრაინას 2022 წლის მარტში. 21 საუკუნეა, ადამიანებს აქვთ ოცნებები, მისწრაფებები და ახლა ვლადიმირ პუტინის აგრესიამ რუსეთის მოსახლეობა მოსწყვიტა მთელ მსოფლიოს და რუსეთს მიათრევს მე-19 საუკუნისკენ. ეს არაა ის მომავალი, რომელსაც თქვენ და თქვენი შვილები იმსახურებენ. ეს ომი არ ღირს რუსეთის მოსახლეობის გაწირვად. უნდა გაიგოთ, რომ ეს პუტინის ომია.

ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე უნდა დასრულდეს და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას რომელიც მოდის კრემლიდან. რუს ხალხს უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ თავისით გააკეთონ არჩევანი. რა თქმა უნდა საუბარი არაა საკმარისი. ყოველდღიურად უნდა იბრძოლოთ დემოკრატიისთვის," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი:

"სწორედ ამიტომ მე ჩამოვედი ევროპაში, მე მაქვს მესიჯი დიდი შვიდეულისთვის, ევროკავშირისთვის, ნატოსთვის ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი დღეს ხვალ და ზეგ და ასევე შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ეს არ იქნება მარტივი, ავტოკრატიას უნდა ვებრძოლოთ უწყვეტად. ისტორიამ გვაჩვენა,რომ ყველაზე ბნელ და მძიმე მომენტებს მოსდევს ნათელი და ამ თაობის ვალდებულებაა რომ იბრძოლოს.

დღეს ვხედავთ, მამაცი უკრაინელი ხალხი გვაჩვენებს ყველას, რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერი არიან ვიდრე ერთი უბრალო დიქტატორი.

პაპის სიტყვებს გავიხსენებ, არასდროს შეგეპაროთ ეჭვი, მუდმივად გქონდეთ იმედი და ნურასდროს შეგეშინდებათ," - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინი ვერ ჩაკლავს თავისუფლების სურვილს და უკრაინა არასოდეს დამარცხდება რუსეთთან. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი ვეღარ დარჩება მმართველობაში:

"დიქტატორი, რომელიც ცდილობს რომ იმპერია ააშენოს, ვერ ჩაკლავს თავისუფლების სურვილს, უკრაინა ვერასდროს და არასდროს დამარცხდება რუსეთთან და ამ ბნელ დროში ჩვენ გვაქვს იმედი, მომავალი არის ნათელი. ეს ერთი ადამიანი ვეღარ დარჩება უკვე მმართველობაში,"- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დღის ამბები