როგორ აისახება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ევროპაზე და რა გავლენას იქონიებს პროცესები საქართველოზე. ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში ბოლო ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. გერმანიაში ინფლაცია ბოლო 29 წლის მაქსიმუმზეა, თურქეთში კი ბოლო 19 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია. იზრდება ფასები ბუნებრივ აირსა და საწვავზე.
კრიზისი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მთელს მსოფლიოში შეიქმნა საფუძველს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან იღებს. სამხედრო აგრესიამ უკრაინაში უკვე მოახდინა გავლენა ევროპაში როგორც ელექტროენერგიის ასევე, ბუნებრივი გაზისა და საწვავის ფასებზე. ომის ეკონომიკურ გავლენას ელოდებიან საქართველოშიც, თუმცა, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიზისის შესამსუბუქებლად სახელმწიფოს უკვე შექმნილი აქვს რამდენიმე სოციალური პროგრამა.
ბენზინის ფასმა ევროპის არაერთ ქვეყანაში მოიმატა, მათ შორის საქართველოშიც. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ჩვენთან, საწვავის ფასი დაახლოებით 60 თეთრიდან 1 ლარამდე არის გაზრდილი, თუმცა, ოფიციალური მონაცემებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ბენზინის ფასი შედარებით დაბალია.
განსხვავებული ვითარებაა ბუნებრივი აირის კუთხით. ეკონომიკის სამინისტრო ამ მიმართულებით ფასების მატებას ჯერ არ ელოდება, უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან იღებს და პარალელურად ქვეყანას გაფორმებული აქვს ხანგრძლივი კონტრაქტები, რაც ფასის სტაბილურობას განსაზღვრავს.
რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი გავლენის მომხდენი ვერც ელექტროენერგიაზე იქნება. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი დივერსიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის დროს უპირატესობას იმ ქვეყანას მიანიჭებს, რომლის ფასიც ყველაზე დაბალი იქნება.
რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ბაზარზე აშკარაა ექსპერტებისთვისაც, რომლებიც მსგავს პროცესებს საქართველოშიც ელოდებიან, თუმცა, პარალელურად მიაჩნიათ, რომ ქვეყანას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ზიანი მინიმალური იყოს.
საწვავსა და ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასები ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. ფერმერები და ბიზნესის წარმომადგენლები გაზრდილ საგადასახადო ვალდებულებებს და პროდუქტის გაძვირებას, სხვადასხვა ფორმებით აპროტესტებენ.