27 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ მებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ვიბრძვით საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინის თავდაცვის უწყების სპიკერი

ბაიდენის პოლონეთში ვიზიტის პარალელურად კი პოლონეთის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ქალაქ ლვოვში აფეთქებები დაიწყო. ქალაქში საჰაერო განგაშია, რუსეთის სამხედრო ძალები რაკეტებს ისვრიან. მათი სამიზნე სატელევიზიო ანძაც გახდა. დაშავდა 5 ადამიანი. ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში პირველი ასეთი მასშტაბური თავდასხმა პოლონეთთან ახლოს მდებარე ლვოვზე, რომელიც დევნილების ქალაქად იქცა, ლვოვმა ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული გაატარა.

მძიმე ვითარებაა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. კურიერის გადამღები ჯგუფი კიევში იმყოფება. განგაშის სიგნალი დღეს დედაქალაქშიც ისმოდა, კიევსა და კიევის ოლქში კი 35 საათიანი კომენდანტის საათია გამოცხადებული. კურიერმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერთან გასაუბრება შეძლო. ოლექსანდრ მოტუზიანიკმა შექმნილი ვითარება და ოკუპანტის შესაძლებლობები მიმოიხილა.  ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც მისი თქმით, უკრაინელებთან მხარდამხარ იბძრვიან საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ:

"სამხედრო ოპერაცია", როგორც რუსეთი უწოდებს სხვა არაფერია თუ არა ომი უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ამ ომში მათ კრახი განიცადეს. რუსეთი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მათ ასეთი კატასტროფული წარუმატებლობა ექნებოდათ. ვგულისხმობ დანაკარგებს, ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის და ავიაციის. რუსეთი ამას წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის პირველ ფაზად მოიხსენიებს, თუმცა ყველა ხვდება რომ მათ ფიასკო განიცადეს. ჩვენ ლოჯისტიკურ შესაძლებლობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ, შედეგით კმაყოფილები არ ვართ თუმცა ვაგრძელებთ ძალის კონცენტრირებას და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ინფორმაციით რუსეთის სამხედრო ძალა დემორალიზებულია ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სატელეფონო საუბრები, რომლის მოსმენაც ჩვენ მოვახერხეთ. მათ აქვთ სერიოზული პრობლემები როგორც საწვავის, ასევე საბრძოლო მასალის უზრუნველყოფის კუთხით, რის გამოც ხშირად უწევთ ჯავშანტექნიკის და შეიარაღების მიტოვება.

რაც შეეხება საქართველოს, ქართველები ჩვენი მეგობრები არიან და შეიარაღებული ძალების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მებრძოლებს, რომლებთან ერთადაც მხარდამხარ ვიბრძვით საერთო მტრის რუსეთის წინააღმდეგ," - განაცხადა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა.

"კურიერმა" რიგითი კიეველების ჩაწერა შეძლო, ისინი გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან და აცხადებენ, რომ საკუთარი სახლის და ქვეყნის დასაცავად მზად არიან.

დღის ამბები