უკრაინა, ომის 31 დღე - მიწასთან გასწორებულ მარიუპოლიში ამ დრომდე, პარტიზანულად, "აზოვის" ქვედანაყოფი იბრძვის და ტერიტორიის გათავისუფლებას ცდილობს. თუმცა ძალთა ბალანსი არაპროპორციულია. მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა, ცოტა ხნის წინ, აღდგენილი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაანადგურეს. ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია. არ არის არც მედიკამენტები და არც პროდუქტები. ჰუმანიტარულ ტვირთს ქალაქში რუსი სამხედროები არ უშვებენ. მარიუპოლის დატოვების ერთადერთი გზა გაქცევაა. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტები უკვე მშვიდობიან მოსახლეობაზე ნადირობენ.
ე.წ "მშვიდობის დამყარებას" ოკუპანტები აგრძელებენ ხარკოვშიც. სავარაუდოდ, ამ გეგმის ნაწილია საცხოვრებელი კორპუსების და გაზსადენის აფეთქებაც.
შედეგები მძიმეა ირპენშიც. ქალაქის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი. ასევე, ხიდი და ავტომობილები, რომელთა საშუალებითაც ადგილობრივები ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
სლავუტიჩში კი რუსული ტანკების გამოჩენას, ადგილობრივების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. სროლისა და აფეთქების მიუხედავად ქალაქის ქუჩებში ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი გამოვიდა. დაიღუპა ერთი და დაიჭრა აქციის ორი მონაწილე. თუმცა, დაკმაყოფილდა მათი პირველი მოთხოვნა, რომელიც მერის გათავისუფლებას უკავშირდებოდა. ახლა მომიტინგეები ოკუპაციის დასრულებას ითხოვენ.
გასული ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 8 ტანკი და 17 ერთეული ჯავშანტექნიკა. ლიკვიდირებულია 170 სამხედრო მოსამსახურე. საჰაერო თავდაცვის ძალებმა კი 3 რუსული თვითმფრინავი და 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
საკუთარ დანაკარგებზე საოკუპაციო ძალები ყურადღებას არ ამახვილებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ საბრძოლო ამოცანის მიღწევა ეტაპობრივად ხდება. მაგრამ, რამდენიმე მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლის სანაცვლოდ, ეს რუსულ გენშტაბში ტაბუდადებული თემაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე ჯანდაცვის 72 დაწესებულებაზე იერიში განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 71 ადამიანი. ყოველდღე იზრდება რუსული ტყვიის ან დაბომბვის შედეგად დაღუპულ არასრულწლოვანთა რიცხვი. 1 თვის განმავლობაში მოკლულია 136 ბავშვი - დაშავდა 200-ზე მეტი.