27 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები - რა პირობა მიიღეს ბაიდენისგან უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებმა ვარშავაში

უკრაინის მოქალაქეები სულ რამდენიმე დღის წინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა - სულ სხვა ქვეყანაში, ლტოლვილის სტატუსით მოუწევდათ - დღეს ეს რეალობაა. ამ რეალობაზე, ომში გადატანილ ისტორიებზე და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე, ჯო ბაიდენს უკრაინელმა ლტოლვილებმა პირადად მოუთხრეს. სათქმელი მათთვის ვარშავაში ჩასულ ბაიდენსაც ჰქონდა. მათ პრეზიდენტისგან შეიტყვეს, რომ აშშ მზადაა 100 000 უკრაინელ ლტოლვილს ამერიკის კარიც გაუღოს, როგორც ეს უკრაინის მეზობელმა ქვეყნებმა გააკეთეს. თუმცა მისგან ჯერ ვერ მოისმინეს მთავარი, რასაც თითოეული უკრაინელი ახლა ყველა მეგობრისგან ელის - რომ ცა ჩაკეტონ. სწორედ ამ მოთხოვნით დახვდნენ ჯო ბაიდენს პოლონეთის პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი უკრაინელი ლტოლვილებიც, რომლებიც "კურიერს" უყვებიან, რომ ამის იმედს არ კარგავენ.

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლესთან დილიდან მობილიზდნენ სამართალდამცველები, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული ჟურნალისტები და გამვლელები, რომლებსაც სურდათ ამერიკის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტისთვის შეევლოთ თვალი. ჯო ბაიდენის ესკორტი ნახევარი საათის დაგვიანებით გამოჩნდა, სასახლესთან მას პრეზიდენტი დუდა და მთავრობის წევრები დახვდნენ. საპატიო ყარაულის თანხლებით შესრულებული 2 ქვეყნის ჰიმნი, რომლის შემდეგაც დახურულ კარს მიღმა პირისპირ, მოგვიანებით კი გაფართოებული შეხვედრები შედგა. მთავარი გზავნილი, რაც ვაშინგტონმა ვარშავაში ჩაიტანა ისაა, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი მომენტალურად ამოქმედდება,თუ რუსეთი იმპერიალისტურ საცეცებს ნატოს წევრ აღმოსავლელ ევროპელებზეც მოსინჯავს.

ვიდრე პრეზიდენტ დუდას შეხვდებოდა - ჯო ბაიდენმა, თავდაცვისა და სახელმწიფო მდივნებთან ერთად დახურულ კარს მიღმა ისაუბრა უკრაინის მთავრობასთან, რომლებიც საგანგებოდ ჩაფრინდნენ ვარშავაში ამერიკულ მხარესთან შესახვედრად. დმიტრო კულებამ და ალექსეი რეზნიკოვმა თავდაცვის სფეროში დახმარებაზე ამერიკისგან დამატებითი დაპირება მიიღეს. მათ შორის დამატებით სანქციებზეც,რომლის რუსეთისთვის დაკისრებასაც ვაშინგტონი გეგმავს. უკრაინელმა დიპლომატმა მათგან რუსული გემებისთვის ამერიკული და ევროპული პორტების დახურვაც მოითხოვა.

ჯო ბაიდენი პოლონეთში ბრიუსელის ისტორიული ვიზიტიდან ჩაფრინდა, სადაც დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის სამიტებს დაესწრო. უკვე პოლონეთში კი ამერიკელი სამხედროების, უკრაინელი ლტოლვილებისა და პოლონელი ლიდერების ნახვის შემდეგ ვაშინგტონი უკრაინის დახმარებისა და ნატოს დაცვის გარანტიებს მკაფიოდ იძლევა.

დღის ამბები