უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დავით გობეჯიშვილი ირპენში საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საელჩო უკრაინაში. ქართველი მებრძოლის ცხედარი უკვე გადასვენებულია პროზექტურაში. დავით გობეჯიშვილი აფხაზეთიდან დევნილია, ის სულ რამდენიმე დღის ჩასული იყო უკრაინაში.
"ჩვენი მებრძოლებიდან ვიცით, რომ დაიღუპა ირპენთან, კიევის მისადგომებთან, ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში და ჩვენ დაწყებული გვაქვს ყველა აუცილებელი პროცედურა მისი საქართველოში გადმოსასვენებლად," - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილმა.
ელჩმა კომენტარი გააკეთა ასევე კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლზე. ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა და მისი გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"მარიუპოლში არის ძალიან რთული მდგომარეობა, ქალაქი არის გარშემორტყმული რუსების ჯარებით. ცხედრის გამოტანა არის შეუძლებელი რამდენადაც მე მესმის. თუ მოხერხდება გადმოყვანა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხადია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოხდეს გადმოსვენება საქართველოში," - აღნიშნა გიორგი ზაქარაშვილმა.