27 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
პროვოკაციული განცხადებები საქართველოს მისამართით - საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან. საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ მოჰყვა რეაგირება კიევის მხრიდან.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში საქართველო-უკრაინის მეგობრული ურთიერთობებზე არაკეთილმოსურნეებმა ვერ შეძლონ პროვოკაციული ქმედებებით ზიანის მიტანა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დროს პროვოკაციულ განცხადებებს საქართველოს მისამართით, რომელსაც სამწუხაროდ მოჰყვა რეაგირება კიევის მხრიდან, აღნიშნული კი თავის მხრივ ხშირად ხდება უპასუხისმგებლო შიდა პოლიტიკური სპეკულაციების საკითხი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შემთხვევებში მხარეების მეტ სიფრთხილეს, რათა ამ რთულ პერიოდში საქართველოს მტკიცე მეგობრული ურთიერთობების არაკეთილმოსურნეების პროვოკაციული ქმედებებით ვერ მოახდენს ზიანის მიყენება. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა სრულად გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდამჭერი ნაბიჯების გამო, რასაც ადგილი აქვს საქართველოს მხრიდან როგორც საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ორმხრივ რეჟიმში. საქართველო განაგრძობს ამ მხარდაჭერას," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ.

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა პოზიცია გაიზიარა და კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯების გამო, აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ჩვენ, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროვოკაციის მოწმენი გავხდით. ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ უკრაინის მიმართ საქართველოს მხარის მიერ გამოხატული თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების - "უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია" და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები" მხარდაჭერისთვის. საქართველო არამარტო მხარს უჭერს ამ რეზოლუციებს, არამედ იგი აღნიშნული რეზოლუციების თანასპონსორიცაა. ჩვენ ასევე მადლობელნი ვართ საქართველოს ეროვნული ბანკის მკაფიო პოზიციისთვის, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის შესაბამისად მოქმედებისთვის. რუსეთი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის," - განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრი კასიანოვმა.

 

დღის ამბები