ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" გამგეობის თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის მოლაპარაკებებით დასრულებისკენ მიმავალი ნაბიჯების თვალსაზრისით, ჯერჯერობით რაიმე საიმედოს იდენტიფიცირება ძალიან რთულია. თუმცა, მისივე თქმით, ომი ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება პოლიტიკური მოლაპარაკებებით.
ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, მსგავს მასშტაბურ ომში აბსოლუტურად გამარჯვებული ან აბსოლუტურად დამარცხებული მხარე ვერც ერთი იქნება.
"მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასკვენით და ამას ჩვენი განსაკუთრებული დასკვნა არ სჭირდებოდა, რომ ომის ელვისებური დასრულების სცენარები წარსულს ჩაბარდა, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო მოქმედებები უახლოვდება ერთგვარი პოზიციური ომის ხასიათს და შეიძლება ეს სამხედრო მოქმედება, ომი, გაჭიანურდეს, გაჭიანურებული ხასიათი მიიღოს. გაჭიანურებულ ხასიათს იმიტომ ვამბობ, რომ გაჭიანურებულ სამხედრო მოქმედებებთან ერთად, ასევე მექმნება შთაბეჭდილება, რომ გაჭიანურდა და გამოეკიდა დიპლომატიური მცდელობები, რომ ეს ომი და ეს უბედურება დამთავრდეს სწრაფად.
ჩვენ ისიც აღვნიშნეთ, რომ მთელი ეს ერთთვიანი პერიოდი, რასაც ვხედავთ, ძირითადად დასავლელი პარტნიორების, ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა, დასავლელი და უკრაინელი პარტნიორების ძალისხმევა, არა მარტო დასავლეთიდან - თურქეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული, რაღაც ეტაპზე ისრაელიც აქტიურობდა, მიმართული არის ძირითადად უკრაინის მხარეს შემაკავებელი რესურსების გასაზრდელად, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ და თუნდაც NATO-ს სამიტიც ამის მანიშნებელია, რომ ჩვენ მოწმენი ვართ უკვე გამოყენებული რესურსების გაშალაშინების და მათი დაზუსტების და სასანქციო ან ზეწოლის, შეკავების არსენალში ახალი მეთოდების დამატების, რომელთა ჩამონათვალი არც თუ ისეთი დიდი რჩება, პოტენციალი და რესურსი.
რაც შეეხება უმთავრესს, რომ ნებისმიერი ომი, თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი შეტაკება მთავრდება რაღაც მორიგებით და პოლიტიკური გადაწყვეტილებით, აქეთკენ მიმავალი ნაბიჯების თვალსაზრისით, ალბათ ჯერჯერობით რაიმე საიმედოს იდენტიფიცირება ძალიან რთული არის.
სწორედ აქ თუ ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტურად ჯანსაღად, კოლეგიალურად, მეგობრულად ქართული გადმოსახედიდან შევუთვალოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს საყვედური, ალბათ ამაში გამოიხატება ჩვენი საყვედური, რომ რეალური შეთავაზებები, ე.წ. რეცეპტები, ან მინიშნება თუნდაც, თუ როგორ შეიძლება ეს ომი გადაწყდეს უკვე ახლა პოლიტიკური გზით, ამ მხრივ, ალბათ, ხელჩასაჭიდი ინფორმაციის ნაკლებობა არის.
ომი ნებისმიერ შემთხვევაში დასრულდება მოლაპარაკებით, ვინაიდან სხვაგვარად ასეთი მასშტაბის ომის დასრულება, შენ გინდა თუ არა ერთი მხარე გამოვიდეს აბსოლუტურად გამარჯვებული და მეორე აბსოლუტურად დამარცხებული კონფლიქტში - ასეთი რამ თანამედროვე კინეტიკურ დაპირისპირებაში ასეთი მასშტაბის არ არსებობს, ასე რომ - რა თქმა უნდა ომი დასრულდება პოლიტიკური შეთანხმებით, პოლიტიკური ზავით, მოლაპარაკებით," - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.