27 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ევროპას ამერიკისგან - შეძლებს თუ არა ევროკავშირი რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას

ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ახალი თავი იწყება - ევროპას გეგმა აქვს, რომ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება ამ ათწლეულის ბოლოს წარსულს ჩააბაროს, ვაშინგტონის გეგმა კი ამის ხელშეწყობაა. ამიტომ წელს, ოკეანეს მიღმიდან ევროპის ქვეყნებს 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწვდის. შეთანხმების თანახმად, 8 წელიწადში მიწოდება 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გაიზარდოს.

იქმნება მიზნობრივი ჯგუფიც, რომელიც რუსეთის წიაღისეულ საწვავზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზე თეთრ სახლთან ერთად იმუშავებს. ისტორიული გადაწყვეტილება ბრიუსელში ისტორიული ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააჟღერეს.

"ეკონომიკურად რთული, თუმცა მორალურად სწორი გადაწყვეტილება" - ასე შეაფასეს პარტნიორებმა მიღწეული შეთანხმება, რომლის აუცილებლობაც ევროპას არც დაუდგებოდა, კიდევ ერთი და ამჯერად ყველაზე მასშტაბური რუსული აგრესია რომ არ ეხილა უკრაინაში. ბრიუსელი გამოფხიზლდა, თუმცა ჯერჯერობით მაინც რჩება გაზის საფასურის გადამხდელი მოსკოვისთვის - ეს კი მილიარდობით ევროა, 40% რუსული გაზისა თუ 27% ნავთობის საფასური. სრული ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას დრო სჭირდება. ამის შესაცვლელად დღეს ევროკავშირის საბჭო მსჯელობდა.

განახლებად ენერგიაზე საუბრები შემთხვევითი არ არის, ევროკავშირის "მწვანე შეთანხმებაც" თავის მხრივ კლიმატის ცვლილებისა და გარემოსთვის შექმნილი საფრთხის გამო ახალი სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობდა. ახლა პროცესები დაჩქარდა - დღევანდელი გადაწყვეტილებები კი საჭიროსთან ერთად სასარგებლოც ხდება. თუმცა ვიდრე ეს საბოლოოდ განხორციელდება, ევროპელი ლიდერები ფრთხილ განხილვებში შედიან, რადგან მძიმე გადაწყვეტილებებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტები მათ მოსახლეობაზე აისახება.

რუსულ გაზზე უარს ვერ იტყვის თურქეთი, ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. ოფიციალური ანკარა არგუმენტად რუსეთთან ერთად წამოწყებულ ენერგეტიკულ პროექტებსა და ინდუსტრიალურ გამოწვევებს ასახელებს.

ვიდრე სახელმწიფოთა ნაწილი რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებას საბოლოოდ დაასრულებს და ახალ მომწოდებლებთან გააფორმებს კონტრაქტებს, ბრიუსელმა რუსეთისთვის ენერგიის საფასურის რუბლებში გადახდის მოთხოვნას უარი უთხრა. ევროპელები თვლიან, რომ ეს სანქციებისთვის გვერდის ავლა იქნებოდა. ბრიუსელი მოსკოვს ეუბნება, რომ მას ენერგიით შანტაჟი აღარ გამოუვა.

დღის ამბები