უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო პასუხისგება მხოლოდ ვლადიმერ პუტინს არ მოუწევს. რუსეთი არღვევს ყველა საერთაშორისო კონვენციას. ადამიანების მკვლელობა, გაუპატიურება, მოროდიორობა, სარაკეტო იერიში დასახლებულ პუნქტებზე, ჟენევის კონვენციით აკრძალული იარაღის გამოყენება,
ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენება, ადგილობრივი ხელისუფლების და მათი ოჯახის წევრების გატაცება - არ არის დანაშაული, რომელიც რუსებმა უკრაინაში არ ჩაიდინეს.
უკვე არაერთი ფაქტი დაგროვდა იმ საშინელი დანაშაულობების, რომელსაც რუსული არმია უკრაინაში ჩადის. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ასეთი რამ უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ ახსოვთ. გამოქვეყნებულია ათასობით გვარი, რომლებმაც უკრაინელი ხალხის წინაღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.
ოკუპანტები რუსეთში დარჩენილ მეუღლეებს სიყვარულს ვირტუალურად უხსნიან, ფრონტის ხაზზე კი ადგილობრივ ქალებზე სექსუალურად ძალადობენ.
ჰოსტომელი, ბუჩა, ივანკოვო, ხერსონი, მიკოლაევი - ყოველდღიურად იზრდება იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ომის კვალდაკვალ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელ ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დასტურდება. ოკუპანტები არ ინდობენ არც მოხუც ქალებს და არც არასრულწლოვან გოგონებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს შემზარავი ფაქტები გაასაჯაროვა ხერსონის მკვიდრი სვეტლანა ზორინაა. ქალი ყვება, რომ რუსმა სამხედროებმა 17 წლის გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
მათ შორის არის რუსი ჯარისკაცების მიერ მრავალგზის გაუპატიურება, ბავშვის თვალწინ მოკლული მამა და გაუპატიურებული დედა. უკრაინის გენერალური პროკურორი პირობას დებს, რომ ომის სამართლის დარღვევაში მხილებულ ყველა მოძალადეს იპოვის და პასუხს აგებინებს.
რუსი ოკუპანტების მიერ ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებს. დიმიტრი კულებამ ომის შემზარავი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებსაც მიაწოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ქვეყანა ასეულ ათასობით ქალმა დატოვა. ომის ქარცეცხლიდან გამოქცეულები ღიად საუბრობენ იმ სისასტიკეზე, რაც მათ მშობლიურ ქალაქებში ხდება.
სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო ერთ თვეში უკრაინის სხვადასხვა ქალაქში ასეულობით ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა სასტიკი დანაშაულობების შესახებ ცნობები ყოველდღიურ რეჟიმში შედის უკრაინის სახალხო დამცველის ოფისშიც.