27 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ამ დროისთვის ყველა დიდ ქალაქს უკრაინა აკონტროლებს - როგორია 30 დღის ომის ქრონიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, რუსული ძალების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთმა 16 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთი თავს ჰუმანიტარულ რიგებში მდგომ ადგილობრივებსაც ესხმის. ხარკოვში სავაჭრო ცენტრის პარკინგზე ასეთმა იერიშმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 15 დაშავდა.

ფრონტად ქცეული უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს, დაბომბვის გარდა, სხვა პრობლემებიც აქვს. ხარკოვში, რომელიც მცხოვრებთა ნახევარმა უკვე დატოვა, დაწყებულია ჰუმანიტარული კრიზისი. ადგილობრივებს საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ.

რუსულ აგრესიას უკრაინაც პასუხობს. დღის განმავლობაში ხარკოვში ისმოდა უკრაინული ძალების მიერ გამავალი საარტილერიო გასროლაც.

კვლავ უმძიმეს ვითარებაში რჩება მარიუპოლი, ომის ყველაზე დიდი ტკივილი. პუტინი ისედაც დანგრეულ ქალაქს ისევ უტევს. ერთმორწმუნე რუსეთის სამხედროებმა ხელში ქალაქის ყველაზე დიდი ეკლესია ჩაიგდეს. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში განლაგდნენ, შეიტანეს საბრძოლო მასალა და ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით ეკლესიის ფანჯრებიდან ისვრიან.

მტერი ბავშვების უმოწყალო ხოცვას არ წყვეტს. ამიტომ უკრაინელი პოლიციის გენერალი რუს ოკუპანტებს მიმართავს. ვიაჩესლავ აბროსკინი მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ მტერს საკუთარ თავს სთავაზობს.

ქალაქის დრამის თეატრზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილების ძებნა 11 დღის გასვლის შემდეგაც გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, რუსულ რაკეტას მარიუპოლში 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რთულია მდგომარეობა ირპენშიც. გადამწვარ სახლებს, განადგურებულ ავტომობილებსა და მოკლულ ადამიანებს იქ  ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით. აგრესორი იერიშებს არც ეკლესიებზე ერიდება.

ხერსონში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ადგილობრივები ქუჩაში დღესაც გამოვიდნენ. ნოვოტროიცკის მოსახლეობა ქალაქის დამპყრობლებისგან გათავისუფლებას ითხოვს.

ბრძოლების პარალელურად, მხარეები ტყვეებს ცვლიან. უკრაინულმა მხარემ, მტერს რუსი ტყვეები გადასცა, სანაცვლოდ კი, კუნძულ ზმეინიდან აყვანილი სამოქალაქო მეზღვაურები დაიბრუნა.

რუსეთი კიევის აღებას 1 თვეა ცდილობს, თუმცა ბოლო დღეებია ტერიტორიების დათმობა უწევს. დედაქალაქის შემოგარენში პოზიციებს ნელ-ნელა კვლავ უკრაინელი მებრძოლები იკავებენ. 1 კვირის წინ, კიევიდან დასავლეთით 50 კილომეტრში რუსეთის ჯარები იდგნენ. ტერიტორია დღეს უკვე თავისუფალია. ოკუპანტები სოფელ იასნოროდკიდან გაძევებულები არიან.

განადგურებული ინფრასტრუქტურის, დანგრეული სახლების, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების მიუხედავად, უკრაინა დანებებას არ აპირებს. ამ დროისთვის ყველა დიდ ქალაქს უკრაინა აკონტროლებს.

დღის ამბები