რა ახალ სანქციებს დაუწესებს დასავლეთი რუსეთს? - ევროკავშირის საგანგებო სამიტის შემაჯამებელი განცხადება ცოტა ხანში გაკეთდება. 27 ქვეყნის ლიდერი ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს ევროპის ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, ამასთან, დამატებით რა პასუხი უნდა მიიღოს კრემლმა უკრაინაში შეჭრის გამო და როგორი უნდა იყოს კონტინენტის უსაფრთხოების გეგმა მომდევნო ათი წლის განმავლობაში იმის გათვალისწინებით, რომ პუტინის ქმედებებმა არსებული რეალობა რადიკალურად შეცვალა.
ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ენერგოდივერსიფიცირებაა. დღეს ასევე გახდა ცნობილი, რომ აშშ ევროკავშირს 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის.
"ჩვენ განვიხილავთ სტრატეგიულ კომპასს და იმედი გვაქვს, რომ ბოლო ნაბიჯებს ვდგამთ ამ მიმართულებით შესაბამისი დოკუმენტის მიღებაზე. ეს ევროკავშირს მისცემს მეტ უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს. სტრატეგიული კომპასი გულისხმობს მეტ ინვესტიციას თავდაცვაში და ძლიერ პარტნიორობას, რაც ყველაზე მთავარია საშუალება გვექნება მეტად ქმედითუნარიანები ვიყოთ. ამ დღეებში კი გამოჩნდა რამდენად მნიშვნელოვნია ევროკავშირის მხრიდან მეტი მოქმედება," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ.
"სანქციებს შედეგი უნდა ჰქონდეს, თუ ეს რუსეთს არ დააზარალებს, მაშინ არ ექნება მნიშვნელობა ჩვენ გადაწყვეტილებას. არსებობს ჭორები, რომ ბელგია ბრლიანტებზე სანქციებს მხარს არ დაუჭერს და დაბლოკავს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ტყუილია. ჩვენი მიზანია სანქციებმა იმუშაოს. ის, რომ უკრაინაში ომია, ამის ზეგავლენა მთელმა ევროპამ იგრძნო. ფასები იზრდება და ჩვენ უნდა შევძლოთ მისი დასტაბილურება. ვფიქრობ, ენერგორესურსების ერთობლივად შეძენით ფასებს დავწევთ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ომის დროს ჩვენ ექსტრაორდინალური ზომების მიღება გვიწევს," - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრუმ.
"განხილვის მთავარი თემაა ენერგორესურსები და ის, თუ როგორ მოვახდინოთ რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია. რუსეთი არის დიდი ენერგოექსპორტიორი ევროპაში, ჩვენ საკმაოდ ვართ მის ენერგორესურსებზე დამოკიდებული. აუცილებელია რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდეთ ამ დამოკიდებულებისგან. ამისთვის საჭიროა ამ რესურსების დივერსიფიცირება, ნავთობისა და გაზის სხვა პარტნიორებისგან ყიდვა, განახლებად რესურსებზე გადასვლა. ჩვენ დიდი ფინანსური რესურსი უნდა ჩავდოთ ქარის ენერგიის გამოყენებაში. ალბათ წლები დასჭირდება რუსეთის ენერგიის გამოყენების ეტაპობრივად შემცირებას, თუმცა ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ," - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშანის კარიშიმ.