ხმაური ბიუროს სხდომაზე - უმრავლესობის დეპუტატებმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი დაუჭირეს. სწორედ ეს პროექტი იყო პოლიტიკური დისკუსიის საგანი.
მმართველი გუნდი კანონის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებაში ჯერ თეონა აქუბარდიამ დაადანაშაულა, მოგვიანებით კი "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონში ცვლილებები უკრაინის თემის გადასაფარად დააინიცირა.
"გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის დასჯის მიზანია ეს, სხვა არაფერი, ესე ითარგმნება ეს პოლიტიკურად. რაც ვარ ამ პარლამენტში მივეჩვიე, რომ ყველაფერი ცუდი, რაც ხდება ამ პარლამენტში, არის დაჩქარებულად და რატომღაც ეს არის უკვე თქვენი ხელწერა," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
"მიზანი არის დისკუსიის გადმოტანა ამ თემაზე უკრაინის თემიდან, სადაც პრობლემური სიტუაცია გვაქვს, ყურადღების გადმოტანა არასაჭირო თემაზე. აქედან გამომდინარე მგონია ეს კანონპროექტი შემოტანილი, ჩვენ ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ და მთავარი საკითხები გამოგვრჩეს," - ამბობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
ამ განცხადებებს ოპოზიციონერ დეპუტატსა და უმრავლესობის წევრ, ანრი ოხანაშვილს შორის კამათი მოჰყვა. იაგო ხვიჩიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"საქართველო პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე ყველგან აბსოლუტურად უკრაინელი ხალხის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად," – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
ცნობისთვის, საუბარია კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში მმართველმა გუნდმა მას შემდეგ შეიტანა, რაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა დაანონსა, საქმე ეხება პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტებს ევროპაში.