მარიუპოლი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული - საპორტო ქალაქი ისევ ცხელ წერტილად რჩება, აქ განადგურებულია არაერთი სამოქალაქო ობიექტი, ასევე უმწვავესი პრობლემაა ჰუმანიტარული კრიზისი.
"როიტერი" ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული ავტომატური დამიზნების მქონე რაკეტების 60% წარუმატებელია. რუსი ოკუპანტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ დედაქალაქის ალყაში მოქცევას, უფრო მეტიც, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კიევის რეგიონში კონტრშეტევაზეა გადასული.
"უკვე ერთი თვეა, რაც უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუს აგრესორს, ერთი თვეა ჩვენი დამცველები გმირულად იბრძვიან, მტერი ცდილობს ჩვენი ადგილების განადგურებას. ყველა უკრაინელის ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, ზოგი იარაღით ხელში იცავს უკრაინას, ზოგმა დაკარგა სახლები და მიატოვა მშობლიური მიწა, ზოგმა, რაც ყველაზე ტრაგიკულია, დაკარგა საყვარელი ადამიანები, შვილები. ეს არის ტრაგედიისა და გამბედაობის თვე, თითოეული ჩვენგანისთვის სიმართლის მომენტი, ჩვენი ფასეულობებისა და დიდი მიზნების აღნიშვნა და ჩვენ ვაჩვენეთ რას ნიშნავს ჩვენთვის თავისუფლება და ერთიანობა. დედაქალაქში 75 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან ოთხი ბავშვია, 37 დაშავდა, მათგან 16 ბავშვი. ჩვენ არაფერს დავივიწყებთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და გავიმარჯვებთ,"- აცხადებს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.