გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ისაუბრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სარჩელზე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
მისი შეფასებით, გამარჯვებასა თუ დამარცხებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ საქმის არსებითი განხილვაც კი არ დაწყებულა.
"ეს გამარჯვებაა თუ დამარცხება, შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. დაცვის მხარე თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია. ალბათ ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად 1.5 თვის დაგვიანებით მიმართეს და პანდემიის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლოს ეს საპატიოდ ჩათვალა და დასაშვებად ცნო სარჩელი, ალბათ ეს არის მათთვის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ, მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშან-წყალი არ არსებობს. პროცესი გრძელდება, წინ არის ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებითა და არგუმენტებითაა წარდგენილი. ბრალდებული და მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება დაცულია, მათ შორის, დაცვის უფლებაც და ეს ფაქტია, და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა,"- აცხადებს ირაკლი შოთაძე.