27 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
აგრარული მეურნეობებისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება - სოფლის მეურნეობის სამინისტროში "FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას" ხელი მოაწერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, რაიმუნდ იელემ "FAO-ს პროგრამულ ჩარჩოხელშეკრულებას" მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში აგრარული მეურნეობების პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას; FAO ამ მიმართულებით დაეხმარება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც სოფლის მეურნეობასა და სურსათის წარმოებაში არიან ჩართულნი. FAO, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ასევე იმუშავებს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების სტრატეგიის განხორციელებაზეც. შეთანხმების თანახმად, FAO მხარს დაუჭერს სამინისტროს სურსათის უვნებლობის სტანდარტების შემოღებასა და მიკვლევადობის სისტემების ამოქმედებაში, რაც სარგებლის მომტანი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის თითოეული მომხმარებლისთვის. შეთანხმებით გათვალისწინებულია საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობაც.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD 4-ის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, FAO 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიან პროექტს განახორციელებს. პროექტი საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას მომხმარებელთა უფლებები დაცული და ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი გაიზარდოს.

დღის ამბები