კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები, რომლებიც რუსებმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაატყვევეს, დღეს გაათავისუფლეს - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით დღეს განხორციელდა პირველი სამხედრო ტყვეების სრული გაცვლა. 10 ტყვე ოკუპანტი, 10 უკრაინელ ჯარისკაცში გაცვალეს.
გარდა ამისა, ვერეშჩუკის ინფორმაციით, რუსულ მხარეს გაუგზავნეს 11 სამოქალაქო რუსი მეზღვაური, რომლებიც ოდესის მახლობლად დატბორილ გემზე გადაარჩინეს.
ამ გაცვლის შედეგად, "საფირონის" სამაშველო გემიდან სახლში ბრუნდება 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს ზმეინის კუნძულიდან. გაცვლის პირობებით, თავად სამაშველო გემიც უკრაინაში დაბრუნდება და თურქეთის პორტში გაიგზავნება.
24 თებერვლის დილას კუნძულ ზმეინის ორი უცხო ობიექტი მოუახლოვდა. კუნძულ ზმეინიზე გამაგრებულ უკრაინელ საზღვრის მცველებს რუსული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟმა შემდეგი წინადადებით მიმართა - "გთავაზობთ, დაყაროთ იარაღი და ჩაბარდეთ, თორემ ცეცხლს გავხსნით," მესაზღვრეებმა რომლებიც კუნძულს რუსული ფლოტისა და ავიაციის შეტევისგან თითქმის 12 საათის განმავლობაში იცავდნენ, დანებებაზე უარი განაცხადეს, ამ დიალოგიდან რამდენიმე წუთში კუნძულთან კავშირი გაწყდა, დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა რომ ცამეტივე კუნძულის მცველი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფებოდნენ.