ომის დაწყებიდან 1 თვის თავზე ყველა დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. რუსეთს არათუ ახალი პოზიციების დაკავება, არამედ არსებულის შენარჩუნებაც უჭირს.
კრემლმა მიზნის მისაღწევად იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მიმართა. პუტინმა იცის, რომ რუსული ტყვია უკრაინელებს მოხვდება, თუმცა ბავშვების მკვლელობის ფაქტი ოფიციალურ მოსკოვს არ ადარდებს. აგრესორი კვლავ განაგრძობს შესაძლებლობის გამოყენებას და თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.
ფაქტი, რომ უკრაინა მტერს შესაბამის წინააღმდეგობას უწევს ეს ერთთვიანმა ომმა კარგად აჩვენა. უკრაინა ახლა ტერიტორიების დაბრუნებისთვის, ხოლო რუსეთი პოზიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის. მტრის შეჭრიდან 1 თვეში უკრაინულმა მხარემ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. მათ შორის კიევის ჩრდილოეთით და დასავლეთით. უკრაინა იბრძვის ხერსონის დაცვისთვის. უტევენ მიკოლაევში შესულ მტერსაც.
უმძიმესია ვითარება მარიუპოლში. უკრაინის ზღვისპირა ქალაქი მტერმა მიწასთან გაასწორა. ნახევარ მილიონიანი ქალაქში დარჩენილი 100 000 ადამიანი ტანჯვაში წყლის, ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე ცხოვრობს. აქ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებსა და უცნობებს მარხავენ იქ, სადაც საშუალება მიეცემათ. მათ შორის ქუჩებში, პარკებსა და ეზოებში.
ქალაქის უმძიმესი მდგომარეობისა და მისი ბლოკადის მიუხედავად ტერიტორიას კვლავ უკრაინა აკონტროლებს. ქალაქს "აზოვის" ბრიგადა ყველა შესაძლო გზით იცავს.
გამორჩეულ ლიდერად ქცეული უკრაინის პრეზიდენტი მთელი ერთი თვის განმავლობაში დახმარებას ითხოვს. იყენებს ყველა ტრიბუნას იმისთვის, რომ სამყაროს რუსული აგრესიის შედეგები აჩვენოს და სთხოვოს მსოფლიო ლიდერებს უკრაინის ცის ჩაკეტვა. მიმართა რომის პაპსაც.
ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვას ყველგან ხანგრძლივი ტაშით ხვდებიან, ბრიტანეთის პარლამენტი, კონგრესი, ბუნდესტაგი, ისრაელის პარლამენტი და სხვა.
დასავლეთი ცდილობს თავი აარიდოს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას, თუმცა ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ პუტინს უკრაინაში შეჭრა არ უნდა ეპატიოს. ნატო და ევროკავშირი დღემდე აღმოსავლეთ ევროპის საბრძოლო თავდაცვითი რესურსების გაძლიერებას განაგრძობს. ამერიკა, ბრიტანეთი და ატლანტიკურ ალიანსი კიევს დიდი ოდენობით იარაღს და თავდაცვით საშუალებებს აძლევს, რუსეთს ამ ერთი მძიმე თვის განმავლობაში არაერთი სანქცია დაუწესა დასავლეთმა.
უკრაინაში შეჭრიდან დღემდე არაერთხელ გაისმა პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღით მუქარა. კრემლი საკუთარი მიზნების მიღწევას ყველა საშუალებით ცდილობს.
ერთი თვის განმავლობაში უკრაინული თვადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პუტინის ჯარებმა მხოლოდ ოთხი წერტილის დროებით ოკუპირება მოახერხეს. უკრაინა მელიტოპოლის, სუმის ოლქის ქალაქ ტროსტიანეცკის, სჩასტიასა და ლუგანსკის დასაბრუნებლად ემზადება.
რუსმა სამხედროებმა გარკვეული ქალაქების ბლოკადაც მოახერხეს და ჰუმანიტარული კრიზისი შექმნეს მარიუპოლში, სუმში, ჰოსტომელში, ვოლნოვახაში, ახტირკასა და ნიკოლაევში. მძიმე მდგომარეობაშია ხერსონი, იზიუმი, ხარკოვი და ჩერნოევკაც.
თავდასხმებს უკრაინაში 128 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათასობით დაობლდა და ათიათასობით სახლის გარეშე დარჩა. მონაცემებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. ომს უკრაინის საზღვრებს გარეთ სამნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გაექცა. ექვსი მილიონი კი დევნილად ქვეყნის შიგნით იქცა.
შეჭრის დღიდან რუსეთის მთავარი სამიზნე კიევია, ქალაქის ალყაში მოქცევას რუსული არმია დღემდე ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელი ხალხი ერთიანია, მათ იციან რომ თავისუფლებას არ დათმობენ და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. უკრაინამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ის ირჩევს ევროპას.