27 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალურ საჩივარი დაუშვებლად ცნო

ქართული მხარის მორიგი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში. ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალურ საჩივარი დაუშვებლად ცნო. სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალები არ აკონტროლებდა ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიას. საქართველოს პოზიციების ევროპაში არგუმენტებით გამყარებაზე ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო იყო ჩართული.

2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სასარგებლოდ  მიღებულ გადაწვეტილებებს სტრასბურგის დღევანდელი განჩინებაც დაემატა. რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ შედგენილი 370 ინდივიდუალური სარჩელიდან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად არცერთი არ ცნო. სტრასბურგის სასამართლოს განჩინების მიზეზებზე დღეს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა და განმარტა, თუ რა გარემოებები დაეხმარა ევროპულ სასამართლოს საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაში. 

იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციები კონკრეტული არგუმენტებით ყოფილიყო გამყარებული იუსტიციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აქტიურად მუშაობდა გენერალური პროკურატურაც. საგამოძიებო უწყებამ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს ასეულობით მტკიცებულება გაუგზავნა. მათ შორის მოწმეთა გამოკითხვები, სხვადასხვა სახის ექსპერტიზები და შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმები.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას მნიშვნელოვანს უწოდებენ ოპოზიციაში. განსაკუთრებით რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ყოფილ მმართველ გუნდშიც და სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც მიაჩნიათ, რომ მსგავსი სამართლებრივი გადაწყვეტილებები ქვეყნის ევროპულ ინტერესებისთვის უნდა იყო გამოყენებული. 

2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით სტრასბურგში 3,300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში რუსეთმა მარცხი განიცადა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე საჩივრების უმრავლესობა ან ამოირიცხა ან დაუშვებლად გამოცხადდა. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება რიგით მესამე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. 

საქართველოს არაერთი გამარჯვების მიუხედავად რუსეთი კვლავ არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს. ევროპული საბჭოდან გარიცხვის შემდეგ კი აღსრულების ნაწილში კრემლი კიდევ უფრო მეტ მიზეზს მოძებნის არ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუმცა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე უკვე სამართლებრივადაც საქართველოს მხარესაა.

დღის ამბები