NATO შეთანხმდა, რომ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გაუწევს უკრაინას, განაგრძობს უპრეცენდენტო სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ და გააძლიერებს ალიანსის შესაძლებლობებს.
NATO-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები სამიტის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა.
NATO ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვენიაში დამატებით სამხედრო ნაწილებს განალაგებს. ალიანსი უკრაინას მიაწოდებს სამხედრო ტექნიკას, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვით აღჭურვილობას. ასევე ტექნიკას, რომელიც ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური საფრთხეების შემთხვევაში გამოიყენება.
იენს სტოლტენბერგმა ახსენა საქართველოც და თქვა, რომ გაიზრდება იმ მოკავშირე ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის მხრიდან რისკის ქვეშ იმყოფებიან.
"დღეს ნატო შეთანხმდა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ დახმარებას გავუწევთ უკრაინას. ჩვენ განვაგრძობთ უპრეცედენტო სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ და გავაძლიერებთ ალიანსის თავდაცვის შესაძლებლობებს. ლიდერები შევთანხმდით იმაზე, რომ ბულგარეთში განთავსდება ახალი ბატალიონი, ასევე უნგრეთში და სლოვენიაში და ეს იქნება დამატებითი მხარდაჭერა ბალტიის ქვეყნებისთვის.
არსებითად უფრო მეტ ძალებს განვათავსებთ აღმოსავლეთ ფლანგზე, მეტი მზაობით. ჩვენ გვექნება შესაბამისი აღჭურვილობის და მარაგების უზრუნველყოფა და საბოლოო ჯამში, მოხდება დისლოცირება უფრო მეტი ჯარებისა, რადგან გაძლიერდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები. მოკავშირეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შემდგომი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის მიმართ, რადგან უკრაინამ შეძლოს საკუთარი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება. ასევე იქნება გაწეული სამხედრო დახმარება. მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო, საჰაეროთავდაცვითი სისტემები და ასევე დრონებით უზრუნველყოფა.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, უზრუნველვყოთ ის ფაქტი, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩვენ, ასევე, უნდა გავზარდოთ მხარდაჭერა ყველა პარტნიორისთვის, ვინც არის რუსეთის მხრიდან ჩარევისა და მუქარის საფრთხის ქვეშ, მათ შორის, საქართველოსა და ბოსნია ჰერცეგოვინას მიმართ. ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობით უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტის დაცვასა და მდგრადობის გაძლიერებაში,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.