27 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
რუსეთმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სია გადასცა

მოსკოვის პასუხი ვაშინგტონს - რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სია უკვე გადასცეს. რუსული მხარე ამ ნაბიჯს საპასუხო ზომად აფასებს.

ორი კვირის წინ ამერიკამ გაეროს მისიის 12 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ვაშინგტონის განცხადებებს იმის შესახებ, რომ დასავლური ბიზნესების გასვლის საპასუხოდ რუსეთი კიბერშეტევებს გეგმავს და ბრალდებებს აბსურდი და "რუსოფობიის ახალი აფეთქება" უწოდა.

პარალელურად, The Wall Street Journal​-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს სთხოვა, სასანქციო სიიდან რომან აბრამოვიჩი ამოიღოს. მიზეზად ზელენსკი ოლიგარქის მცდელობას ასახელებს, იშუამდგომლოს უკრაინასა და რუსეთს შორის.

თავის მხრივ, სანქცირებული პირების სია გააფართოვა ლატვიამ. ამჯერად ქვეყანაში შესვლა რუსეთის კულტურისა და შოუ-ბიზნესის დამატებით 25 პირს აეკრძალა - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომს მხარდაჭერას უცხადებენ. ჩამონათვალში მოხვდნენ ნიკიტა მიხალკოვი და თინა კანდელაკიც.

დღის ამბები