საქართველოს მთავრობას დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიციების გამოხატვისკენ 22 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს. დასავლეთის და უკრაინის ურყევი მხარდაჭერის გარდა ერთობლივი განცხადების ავტორები ითხოვენ, რომ შეწყდეს ომის თემით მანიპულირება, ასევე დეტალურად განიმარტოს რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე კი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულმა სხდომამ იმსჯელოს. საკუთარი ხედვები ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 6 პუნქტად ჩამოაყალიბეს.
მესამე სექტორის განცხადების ადრესატებმა არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტული პოლიტიკური ძალების ინტერესების გატარებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს. მმართველმა პარტიამ ტექსტში ულტიმატუმის ენაც ამოიკითხა. მოთხოვნებს ზოგადი უწოდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ყველა პუნქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით უკვე გადადგმული აქვს.
არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული ტექსტის მესამე პუნქტი პოლარიზაციის შემცირებას ეხება. ოპოზიციის ნაწილი თანხმდება, პრობლემას ცალმხრივად მხოლოდ მმართველი პარტია ვერ მოაგვარებს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ საგარეო პოლიტიკის წარმართვა ცალსახად მმართველის პარტიის ვალდებულებაა.
ოპონენტების კრიტიკის პასუხად "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას ის კონკრეტული გადაწყვეტილებები შეახსენა, რომელიც საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ- უკრაინის მხარდასაჭერად მიიღო.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ხელისუფლების პოზიციები ოპოზიციის კრიტიკის საგანია, თუმცა "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორს დღეს კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ მათი ქმედებები ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს.