მაშინ, როცა რუსული ჭურვები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს ანადგურებს, ხარკოვის ცენტრალური საავადმყოფოს ბნელ სარდაფში, უკვე არაერთი ბავშვი დაიბადა. ექიმებმა სამშობიარო ბლოკი სწორედ საავადმყოფოს სარდაფში მოაწყვეს, რათა დაეხმარონ უკრაინელ ქალებს საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბილ ქალაქში.
ექიმები ამბობენ, რომ სამშობიაროს შენობა ფრონტის ხაზზე დაჭრილებისთვის გამოათავისუფლეს, ორსულები კი საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში გადაიყვანეს. ომის დაწყებიდან დღემდე მედპერსონალს საავადმყოფო ერთი წუთითაც არ დაუტოვებია. ბევრი მათგანი იქ ოჯახთან ერთადაც კი დასახლდა.
სამშობიაროდ გადაკეთებულ სარდაფში ძლიერი აფეთქებების და ახალშობილთა პირველი ტირილის ხმები ერთმანეთს ანაცვლებს. უჩვეული ვითარების მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის პროცესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
ხარკოვის გარდა, ბოლო კვირებში ათეულობით ბავშვი დაიბადა უკრაინის სხვა ქალაქებშიც. პატარები კიევთან ახლოს მდებარე სუმის საავადმყოფოში თავშესაფრიდან გადაიყვანეს. ოთხ ახალშობილს ახლა ოფიციალურად ობოლის სტატუსი აქვს და მათზე ექიმები ზრუნავენ.
უკრაინელი ქალების ნაწილმა, შვილები ომს მეზობელ ქვეყნებში გაარიდა. კაცები ფრონტის ხაზზე რჩებიან. 33 წლის ოლენა სამსონოვა რუსეთის შეჭრის დროს სამუშაოდ პოლონეთში იმყოფებოდა, ოდესაში კი მას შვილი ელოდა. ქალმა დასავლეთ პოლონეთიდან მშობლიურ ქალაქამდე ჩასასვლელად 1600 კილომეტრი გაიარა, მათ შორის 40 კილომეტრი ფეხით. რთული აღმოჩნდა ბავშვთან ერთად უკან, პოლონეთში დასაბრუნებელი გზაც.
ორსული ქალები სხვებთან ერთად რუსულ ბომბებს მეტროსა და სპეციალურ თავშესაფრებში ემალებიან. დედები ჩვილებთან ერთად - ეს ცნობილი ფოტოები მხატვრებმა ფერწერულ ტილოებად აქციეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან სამ კვირაში სულ 5 000-მდე ბავშვი დაიბადა, უახლოეს სამ თვეში კი მშობიარობას 80 000 უკრაინელი ქალი ელოდება. რუსეთის მიერ ჰუმანიტარული დერეფნების დაბლოკვის გამო, ქვეყანაში სამედიცინო მარაგი იწურება, მათ შორის ჟანგბადი და ორსულობის გართულებების მართვისთვის საჭირო პრეპარატები.