რუსმა ოკუპანტებმა, დღეს უკრაინის დედაქალაქის გარეუბანზე იერიში მიიტანეს. მსხვერპლი არ არის, თუმცა დაშავდა 10 ადამიანი. განადგურებულია 15-მდე საცხოვრებელი სახლი. ხანძარს, კიევის გარეუბანში თითქმის მთელი დღის განმავლობაშ აქრობდნენ.
რაკეტებით, კიევის კიდევ ერთი, შევჩენკოვსკის დასახლება დაბომბეს. გადანდგურებულია სავაჭრო ცენტრი, დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი. დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მსუბუქად დაშავდა 4 ადამიანი.
ოკუპანტების იერიშს მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია ლუგანსკში, სადაც სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. ჭურვი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა სამი ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი.
დაღუპულებს და დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ ხარკოვში, ნანგრევებში. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში ცდილობენ ტერიტორიის გასუფთავებას. ოკუპანტების იერიშის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში საცხოვრებელი სახლები სრულად დაინგრა.
ცეცხლის ალშია გახვეული სუმის ოლქი. მასშტაბური ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება ქალაქ ტროსტიანეცში. მიზეზი ქუჩებში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებებია. რუსი ოკუპანტების სამიზნე სამხედროების გარდა, იქაც რიგითი მოქალაქეები არიან.
აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო კი, სამოქალაქო პირებზე თავდასხმას კვლავ კატეგორიულად უარყოფს.
ოკუპანტის დანაკარგებზე საუბრობენ უკრაინის გენშტაბში. გასული ღამის განმავლობაში განადგურებულია მტრის 12 საფრენი აპარატი და 5 ფრთოსანი რაკეტა.
კიდევ ერთი სამწუხარო სტატისტიკა ბავშვების სიკვდილიანობას ეხება. 28 დღის განმავლობაში ოკუპანტების ჭურვებს და ტყვიას გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკვე 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 167.