რუსეთის მხრიდან ბირთვული და ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტისადმი მიმართვისას ისაუბრა. მან ქვეყანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვერც ერთ ადამიანს ვეღარ ექნება უსაფრთხოების განცდა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს.
უკრაინის პრეზიდენტმა რადიაციის საფრთხეზეც ისაუბრა, აქვე იაპონიის მთავრობას ჩერნობილის კატასტროფა და სირიაში რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები შეახსენა.
"თქვენ პირველი იყავით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინა ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად. ვინც დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ. მოვუწოდებ აზიის ქვეყნების, თქვენი პარტნიორების ერთიან ძალისხმევას სიტუაციის სტაბილიზაციისთვის რომ რუსეთმა შეაჩეროს უკრაინაში სასტიკი შეჭრის ცუნამი.რუსეთთან საჭიროა ვაჭრობაზე ემბარგო.
აუცილებელია კომპანიების გაყვანა რუსული ბაზრიდან, რათა ფული არ წავიდეს რუსეთის ჯარში. უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ წლები დასჭირდება იმ ზიანის ინვესტირებას, რაც მათ მიაყენეს ჩერნობილის მიწას, რადიოაქტიური მასალებისა და რადიოაქტიური მტვრის დამარხვას. უკრაინაში ოთხი ატომური ელექტროსადგურია. ეს არის 15 ბირთვული ერთეული და ყველა მათგანი საფრთხის ქვეშაა.
რუსმა ჯარებმა ტანკებიდან უკვე გაისროლეს ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურისკენ, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდია. შეტაკებებმა დააზიანა ასობით ინდუსტრია, რომელთაგან ბევრი განსაკუთრებით საშიშია. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ უსაფრთხოების ახალი გარანტიები, რათა პრევენციულად და მტკიცედ ვიმოქმედოთ ყოველ ჯერზე, როცა მშვიდობას ემუქრება საფრთხე. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ინსტრუმენტები და გარანტიები, რომლებიც იმუშავებს ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.