27 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
მსოფლიოს ბანკმა საქართველო 400 მილიონი დოლარით დააფინანსა 

საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის პოტენციალს მნიშვნელოვნად აამაღლებს ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოს თანაპარტნიორობის 30 წლის მანძილზე განახორციელა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს "პროგრამა შედეგებისთვის" ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით ერთიანად დასაფინანსებლად, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, პირველად ხდება მსოფლიო ბანკის დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში.

"ჩვენ, მსოფლიო ბანკში გვჯერა, რომ ადამიანური კაპიტალი ჭეშმარიტად არის ეკონომიკური ზრდის მოდელის საფუძველი ქვეყნებისთვის ზოგადად და, მათ შორის საქართველოსთვის. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის კრიტიკულია დახმარება იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საშუალო შემოსავლის "ხაფანგის" დაძლევას, რათა საქართველომ გაიკვალოს გზა რამდენიმე რთული სტრუქტურული რეფორმის განხორციელებით და ის ერთ დღეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს.

საქართველოს მიერ ევროკავშირის გაწევრების განაცხადის შეტანის პირობებში, ეს რეფორმები უმნიშვნელოვანესი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყნის განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები ჰარმონიზებაში იყოს ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან, ძირითად კანონებთან, რეგლამენტებთან და სტანდარტებთან.

ეს პროგრამა ტრანსფორმაციულ გავლენას იქონიებს საქართველოზე. მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა და დიდი მადლობა მთავრობას, როგორც ადრე აღვნიშნე, ამ მართლაც ტრანსფორმაციული პროგრამის დაწყებისთვის. მსოფლიო ბანკი 100 პროცენტით უჭერს მხარს ამ მეტად მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს მოსახლეობაზე,"-აცხადებს მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი.
 

დღის ამბები