პოლონეთის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ქმედებებს, პუტინი კი ჰიტლერს შეადარა
ანჯეი დუდამ სოფიაში ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის დანაშაულებისთვის შესაბამისი პირები პასუხს საერთაშორისო ტრიბუნალზე აგებენ.
"იმედი მაქვს, მომავალში, კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ომის ყველა წესის დარღვევაზე, დასახლებების თავდასხმებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაზე და ტერორზე, რომელსაც რუსული არმია ახორციელებს, პასუხის გაცემა მოუწევთ საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალზე.
რასაც უკრაინაში ვხედავთ, პრეცედენტი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ჩემი თანამემამულეები, პოლონელები, დღეს მარიუპოლს უყურებენ და თვალცრემლიანები ამბობენ, რომ მარიუპოლი ჰგავს ვარშავას 1944 წელს, როდესაც ნაცისტები, ჰიტლერის გერმანელები სასტიკად ბომბავდნენ სახლებს და შეუბრალებლად ხოცავდნენ ადამიანებს, მშვიდობიან მოსახლეობას.
დღეს რუსული არმია ზუსტად ასე იქცევა. რუსი ლიდერები იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ჰიტლერი, ნაცისტური არმიის გერმანელი პილოტები მეორე მსოფლიო ომის დროს,"-აცხადებს ანჯეი დუდა.