27 ნოემბერი 2024,   20:37
ვრცლად
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა ყველაზე ღრმა კრიზისში შედის - წინ ფასების რეკორდული ზრდა და ტოტალური უმუშევრობაა 

ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი ახალ პროგნოზს აქვეყნებს. რუსეთის ეკონომიკა, შესაძლოა, ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდეს, ვიდრე ეს 1998 წლის დეფოლტის დროს იყო.

ეს უკვე ეტყობა რუბლს, თუმცა ეროვნული ვალუტის გაუფასურების მასშტაბი რუსეთს ჯერ კიდევ წინ აქვს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუბლი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. რუსეთის ეროვნული ვალუტა ასეთ დაბალ ნიშნულზე არ ყოფილა არც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და არც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ.

მოსკოვში ვეღარ მალავენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა ყველაზე ღრმა კრიზისში შედის და მიმდინარე წელს ის მინიმუმ 10%-ით შემცირდება. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ეკონომიკა ე.წ. პერესტროიკის წინაშე დგას და ქვეყანა უნდა შეეგუოს ცხოვრებას მძიმე სანქციების და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში.

მხოლოდ თებერვალში, რუსული ბანკებიდან 1.2 ტრილიონი რუბლი გავიდა - ასეთი რამ რუსეთის ფედერაციას არ ახსოვს.

წინ არის ფასების რეკორდული ზრდა და ტოტალური უმუშევრობაც

რუსეთი უკვე დატოვა IT-ის 50 ათასმა სპეციალისტმა, ემიგრაციისთვის ემზადება კიდევ 100 ათასი.

სამაგიეროდ, რუსეთში ბრუნდება "რენო". ფრანგულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა რომ ახლა კარგი დროა ფულის საშოვნელად, თუმცა რეპუტაციული ზიანის გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა რისკებიც ახლავს თან. მაგალითად, ისეთი, როგორიც "ნესტლეს", რომელიც ამ დრომდე არ ტოვებს რუსულ ბაზარს. ცოტა ხნის წინ ჰაკერულმა დაჯგუფებამ გაავრცელა ცნობა, რომ მათ "ნესტლეს" მონაცემთა ბაზა გატეხეს.

ეკონომიკური კოლაფსის ფონზე დასავლეთი აფართოებს სანქციებს რუსი ჩინოვნიკების და ოლიგარქების მიმართ. ევროკავშირი, მათ შორის გერმანია აქტიურად განიხილავს რუსული ნავთობის და ენერგომატარებლების შეზღუდვას. იმ ასეულობით კომპანიას, რომელმაც უკვე დატოვა რუსული ბაზარი, უერთდება სათამაშო ბიზნესიც. ვიდეო თამაშების კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით წყვეტენ ოპერირებას, რაც რუსეთის ეკონომიკას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარით აზარალებს.

დღის ამბები