"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ჰიბრიდული ომის წარმოებაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - ჩეჩნეთ-საქართველოს გზის მშენებლობის, სკოლებში რუსული სექტორების აღდგენისა და მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიერ ნეიტრალიტეტის თემის წამოწევასთან დაკავშირებით, "ოცნებაში" მიზანმიმართულ სიცრუეს და ქვეყნის მტრობას უწოდებენ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინაში, რუსული აგრესიის ფონზე, "ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ინიციატივებს ანტისახელმწიფოებრივი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე, სააკაშვილის მიერ ნეიტრალიტეტის საკითხის ხსენებას მოღალატეობრივ ქმედებად აღიქვამს მმართველი გუნდი. მამუკა მდინარაძეს მალევე უპასუხეს "ნაციონალურ მოძრაობაში." ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.
ე.წ. ნეიტრალიტეტის საკითხზე საუბრისთვის ოპოზიცია ბიუროს სხდომაზეც გააკრიტიკეს. პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები, ოპონენტებს, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმას ურჩევენ.
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" მმართველი გუნდის პოზიციას დამაზიანებელს უწოდებენ. ამბობენ, რომ რეგიონული საფრთხეების ფონზე შიდაპარტიული დაპირისპირების დრო არ არის.
კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში," სადაც მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტიის მსგავს გადაწყვეტილებებზე გავლენას ხშირ შემთხვევაში თავად "ნაცმოძრაობის" გაურკვეველი ქმედებები ახდენს. "გირჩი", უკრაინაში ომის ფონზე, პოლიტიკური კონსოლიდირების აუცილებლობაზე საუბრობს
უმრავლესობაში დღეს ისიც განმარტეს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციურ საპარლამენტო ძალებს არ ეხება. მმართველი გუნდის , "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანია და ინიციატივები, რუსული ინტერესების გაჟღერებას ემსახურება.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე საქართველოში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გრძელდება. მმართველმა გუნდმა რეგიონში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, "ნაცმოძრაობასთან" საპარლამენტო თანამშრომლობაზე დროებით მორატორიუმი ოფიციალურად გამოაცხადა.